ჩინეთმა და ეგვიპტემ თავიანთ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და უკრაინაში ჩინეთის საელჩომ მოუწოდეს თავიანთ მოქალაქეებს გააძლიერონ უსაფრთხოების ზომები და დატოვონ ქვეყანა, "უკრაინაში უსაფრთხოების დაძაბული ვითარების გათვალისწინებით." ჩინეთის საელჩო მოქალაქეებს სთავაზობს დახმარებას ევაკუაციის ორგანიზებაში. ამის შესახებ იტყობინება ჩინეთის ოფიციალური ინგლისურენოვანი გამოცემა Global Times.
კიევში ეგვიპტის საელჩომ ასევე მოუწოდა თავის მოქალაქეებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ უკრაინა", - წერს Egypt Today. ამის გაკეთება რეკომენდებულია მეზობელ ქვეყნებში არსებული სახმელეთო მარშრუტების გამოყენებით. საელჩომ ასევე მოუწოდა მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ და თავი აარიდონ "სახიფათო ზონებს".
ანალოგიური განცხადებები რამდენიმე ქვეყნის საელჩომ მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთმა 10 ოქტომბრიდან გააქტიურდა სარაკეტო შეტევა უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურაზე, ძირითადად, ენერგოობიექტებზე.
მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თავდასხმები იყო პასუხი, მისი თქმით, კიევის "ტერორისტულ" ნაბიჯებზე, მათ შორის იმ ხიდის აფეთქებაზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს რუსეთსა და ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს.
ოფიციალური მონაცემებით, 10 ოქტომბერს დილით:
- რუსეთმა 87-მდე რაკეტა ისროლა კიევსა და უკრაინის რეგიონებში;
- დაიღუპა, სულ ცოტა, 14 ადამიანი, დაშავდა - 60-ზე მეტი;
- კიევში დაიბომბა ცენტრი, ხალხმრავალი ადგილები და დაარტყეს ტურისტებისთვის მიმზიდველ „შუშის ხიდსაც“;
- დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა: ცალკეულ ქალაქებსა და დასახლებებს დროებით შეუწყდათ ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგება;
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა 10 ოქტომბრის დილას უკრაინაზე თავდასხმა განზრახ დაგეგმა ისე, რომ მას დიდი მსხვერპლი გამოეწვია სამოქალაქო მოსახლეობაში, და, ამავე დროს, მიზანში ამოიღო ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, მათ შორის ირანში წარმოებული დრონების გამოყენებით.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32085671.html
Source: radiotavisupleba.ge