კოლასის თქმით, ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით საქართველო ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაზე წინ არის

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით საქართველო წინ დგას ისეთ ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, როგორებიცაა ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი და ასე შემდეგ და დასძენს, რომ გარკვეული რეფორმების განხორციელება მაინც საჭიროა. "ჩვენ გვაქვს მაგალითი ევროპული ქვეყნებისა, როგორიცაა, ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი და ა.შ და ის ურთულესი საკითხები, რომლებიც ამ ქვეყნების წინაშე დგას ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, სრულიად ნათელია, რომ საქართველო ზემოხსენებულ ქვეყნებთან წინ არის და პროგრესულ ქვეყანას წარმოადგენს, მაგრამ მაინც საჭიროა გარკვეული რეფორმების განხორციელება, ყველა ძალა ქვეყანაში არსებული უნდა დაირაზმოს ამ მიმართულებით", - თქვა კოლასმა ჩეხეთის საელჩოში ევროკავშირის საბჭოს, მოახლოებული ჩეხეთის პრეზიდენტობის პრიორიტეტებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე. 2022 წლის პირველ ივლისს ჩეხეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას გადაიბარებს - მეორედ ევროკავშირში მისი წევრობის განმავლობაში. შეხვედრაზე ჩეხეთის ელჩმა საქართველოში პეტრ მაკისკამ აღნიშნა, რომ ჩეხეთის თავმჯდომარეობისას ყურადღება გამახვილდება უსაფრთხოების გადაუდებელ საკითხებზე. ჩეხეთის თავმჯდომარის სლოგანია - "ევროპა, როგორც ამოცანა - გარდაქმნა, გადახედვა, გაძლიერება". ევროპულმა საბჭომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო 23 ივნისს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტზე. მიღებული გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას ენიჭებათ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, საქართველოს ეძლევა ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. 17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება. ევროკომისიის რეკომენდაციებს თან ახლავს სამივე ქვეყნის მიერ შესასრულებელი პირობების ჩამონათვალი. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ საბუთში ნათქვამი იყო, რომ კომისია შეაფასებს საქართველოს პროგრესს 2022 წლის ბოლოს. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შესასრულებელ 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ. რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამ. https://www.radiotavisupleba.ge/a/31922796.html

Source: radiotavisupleba.ge