ადამიანები, რომლებიც პირნათლად ასრულებდნენ საიჯარო პირობებს კომერციულ ფასად მიიღებენ მიწებს, რომლებსაც წლებია ამუშავებდნენ
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
პრემიერის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც პირნათლად ასრულებდნენ საიჯარო პირობებს, ისინი კომერციულ ფასად, პირდაპირი მიყიდვის წესით მიიღებენ იმ მიწას, რომელსაც წლებია ამუშავებდნენ.
„ მიწის რესურსებზე ხელმისაწვდომობის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია მთავრობისთვის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სულ ახლახანს გამოვაცხადეთ მიწის სისტემური რეგისტრაციის 3-წლიანი პროგრამა, რომელმაც საბოლოოდ უნდა მოაგვაროს ქვეყანაში მიწის რეგისტრაციის საკითხი, მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ გვყავს გამოყოფილი ფერმერთა, მოიჯარეთა ჯგუფი, რომლებმაც ელექტრონული აუქციონების მეშვეობით წლების წინ იჯარის სახით სახელმწიფოსგან მიიღეს მიწები, რომლებსაც ისინი წლების განმავლობაში ამუშავებდნენ და ბევრმა მათგანმა ამ მიწებზე მრავალწლიანი კულტურებიც მოიყვანა. დღეის მდგომარეობით ბევრი მოთხოვნა მოდიოდა რეგიონებში ვიზიტების დროს და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ადამიანები, რომლებიც პირნათლად წლების განმავლობაში ასრულებდნენ საიჯარო პირობებს სახელმწიფოს წინაშე ისინი კომერციულ ფასად, მაგრამ პირდაპირი მიყიდვის წესით იმ მიწას, რომელსაც წლები ამუშავებდნენ, სახელმწიფოსგან მიიღებენ საკუთრებაში.
ეს იქნება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, რა თქმა უნდა, საბაზრო ფასად, მაგრამ იმ ღვაწლის ფასად, რომელსაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში ამ მიწაზე შრომით ახორციელებდნენ. ეს მისცემს ამ მოქალაქეებს საშუალებას უფრო გააფართოვონ საკუთარი ბიზნესი, უფრო მეტი ფინანსური რესურსი მიიღონ საბანკო სექტორიდან და დაასაქმონ კიდევ უფრო მეტი ადამიანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.