ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მე-2 ტურში მონაწილეობას არ აპირებს

Tbilisi Daily

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია, არჩევნების პირველი ტურის შედეგებს არ აღიარებს და მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს. მალხაზ ჯალაღონიას განცხადებით, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციას გამარჯვება მოპარა. მისი თქმით, საპარლამენრო არჩევნები 31 ოქტომბრამდეც გაყალბებული იყო და პირველ ტურში ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსის გამოიყენა, მოქალაქეები დააშინა, ისინი მოისყიდა, რის გამოც მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს და მონაწილეობაზე უარს ამბობს. „ივანიშვილმა ეს არჩევნები გააყალბა ყველა დონეზე. გაყალბება დაიწყო დიდი ხნით ადრე. მათ გამოიყენეს ადმინისტრაციული რესურსი და მოისყიდეს ეს ადამიანები. დააშინეს ადამიანები, ამ დაშინებაში მონაწილეობდა როგორც კრიმინალებიბ, ისე ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები. ამის პრევენცია მაინც ვერ შეცვლის იმ შედეგებს რაც უკვე დაიდო. ივანიშვილი ჩვენ გვარწმუნებს, რომ მან მოიგო არჩევნები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მან ოპოზიციას გამარჯვება მოპარა და ამიტომ ჩვენ არ ვაღიარებთ პირველი ტურის შედეგებს. ხმების თავიდან გადათვლა არაფერ შედეგს არ მოგვცემს, დარწმუნებული ვარ. მე თვითონ არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას მეორე ტურში, თუმცა ეს პოლიტსაბჭომ უნდა გადაწყვიტოს საბოლოოდ. მე აზრს ვერ ვხედავ, მეორე ტურში მონაწილეობა ნიშნავს რომ ჩვენ ვაღიარებთ პირველი ტურის შედეგებს. როგორც პარტია გადაწყვეტს ისე მოვიქცევი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ პარტიაც არ აღიარებს პირველი ტურის შედეგებს და მეორე ტურიც არ იქნება,"- განაცხადა მალხაზ ჯალაღონიამ.