მამაკაცი საკუთარ გარდაცვალებას პირდაპირ ეთერში გააშუქებს
Tbilisi Daily
იშვიათი განუკურნებელი დაავადებით დაავადებული ფრანგი მამაკაცი თავის სიკვდილს პირდაპირ ეთერში გააშუქებს. 57 წლის ალენ კოკმა შიმშილობით თვითმკვლელობის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევთანაზიის მოთხოვნაზე უარი უთხრა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მამაკაცი 34 წლის განმავლობაში დეგენერაციული დაავადებით იტანჯება. ალეკ კოკის განცხადებით ის უარს ამბობს, როგორც საკვების, ასევე დაავადების სამკურნალო მედიკამენტების მიღებაზე.
მამაკაცმა წერილი მიმართა ემანუელ მაკრონს და სთხოვა, რომ მისთვის დამამშვიდებელი საშუალება მიეცათ, რათა გაუსაძლისი ტანჯვის შემდეგ სიცოცხლე მშვიდად დაესრულებინა. თუმცა, პრეზიდენტმა მის თხოვნაზე უარი განაცხადა, ვინაიდან საფრანგეთის კანონმდებლობით ეს დაუშვებელია.
საფრანგეთის მეზობლებმა შვეიცარიამ, ბელგიამ და ნიდერლანდებმა მიიღეს კანონები, რომლის თანახმადაც ევთანაზია ნებადართულია, თუმცა საფრანგეთი აღნიშნულ სამართლებრივ ნორმას არ იზიარებს.
”იმის გამო, რომ მე არ ვარ კანონზე მაღალი, მე ვერ შევასრულებ თქვენს თხოვნას”, - აღნიშნა მაკრონმა კოკისადმი გაგზავნილ წერილში.