ხმაური ახმეტელის მეტროსთან

Tbilisi Daily

გლდანში, ახმეტელის მეტროსთან, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებოდნენ და ფლაერებს არიგებდნენ, ხმაური იყო. მაშინ, როცა ნიკა მელია ოპიზიციის წევრებთან ერთად მოსახლეობას ესაუბრებოდა იმის თაობაზე, რომ კვირას 15:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე უნდა მივიდნენ, მელიასთან ერთ-ერთი მოქალაქე მივიდა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ აღნიშნული პირი ადგილიდან გაიყვანა. თავად ნიკა მელიამ კი ადგილზე მყოფ პოლიციას მიმართა, სად იყვნენ მაშინ, როცა არჩევნების დღეს გლდანში ინციდენტი მოხდა, რასაც ნიკა მელიასა და პოლიციელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. „ბატონი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ვინმე მჟავია და კიდევ ვიღაც, რომლის გვარი აღარ მახსოვს, ყველა დარბევა რაც კი გლდანში ხორციელდებოდა, კადრებში ჩანდნენ, რომ იქ იყვნენ და არ აკავებდნენ. გული მეტკინა, კინაღამ ცრემლები წამომივიდა, იმდენად უსუსურად გამოიყურებოდნენ პოლიციელები და ახლა ეს პოლოციელი ამბობს, რომ (ინციდენტში მონაწილეს) სათამაშო იარაღი ეჭირაო“, - განაცხადა მელიამ. ამაზე კი შსს-ს წარმომადგენელმა მელიას უპასუხა, რომ გლდანში არჩევნების დღეს მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია.