ოკუპანტებმა მეჯვრისხევის კიდევ ერთი მკვიდრი გაიტაცეს და რამდენიმე საათში გაათავისუფლეს
Tbilisi Daily
ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, მეჯვრისხევის მკვიდრი, მალხაზ ლეჟავა გაიტაცეს და დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.
მალხაზ ლეჟავა ამ დროისთვის რუსთავში, საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.
„მოქალაქე მალხაზ ლეჟავა 25 ივლისს უკანონოდ დააკავეს. ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ამოქმედდა ცხელი ხაზი. შედეგად, გუშინვე გაათავისუფლეს. იგი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კარანტინშია“ - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
მალხაზ ლეჟავას დედა, ციური ლეჟავა „ქრონიკასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მისი შვილი, კიდევ ერთ თანასოფლელთან ერთად, დაკარგულ პირუტყვს ეძებდა.
„ნახირში იყო ჩემი შვილი, აქვე, სოფელთან. ძროხა დაეკარგათ და ვისიც იყო, მასთან ერთად, მოსაძებნად წავიდა. ორი რუსი ყოფილა ჩასაფრებული... ის მეზობელი გამოექცათ, მალხაზი კი დააკავეს და ღრომში წაიყვანეს. ცოტა ხანში პოლიციამ შემატყობინა, რომ უკვე გამოუშვეს და კარანტინში მიჰყავთ ორი კვირით“ - განაცხადა ციური ლეჟავამ.
მალხაზ ლეჟავა ოკუპანტებმა უკვე მეორედ დააკავეს. დაახლოებით 2 წლის წინ მან ტყვეობაში 9 დღე გაატარა. მაშინ ის ცხინვალის იზოლატორიდან ე.წ. „ჯარიმის“ გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება საქართველოს ორი მოქალაქე. ხვიჩა მღებრიშვილს დე ფაქტო ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ის სოფელ მეჯვრისხევიდან 3 ივლისს გაიტაცეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის „მათ ტერიტორიაზე“ ღამურების შესაგროვებლად გადავიდა. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მიმდინარე თვის დასაწყისში დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ერთი ღამურის სანაცვლოდ 5 000 დოლარის აღებას ცდილობდა.
ოკუპანტების მიერაა დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე. ზაზა გახელაძე, რომელიც 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. დაჭრილი ზაზა გახელაძე ცხინვალის საავადმყოფოში, კარანტინში გადაიყვანეს და ცოტა ხნის წინ, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.