"ჩვენ უნდა დავაფასოთ ურთიერთობები რუსეთთან" - ბჟანია
Sokhumi Daily
"ჩვენ უნდა დავაფასოთ ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან და განვავითაროთ ისინი" - ასეთი სიტყვები გააჟღერა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
ბჟანიამ პრეს-კონფერენციაზე რამდენიმე თემაზე გააკეთა აქცენტი. მათ შორის იყო რუსეთის პრეზიდენტთან, პუტინთან შეხვედრის დეტალებიც. ბჟანიამ აღნიშნა, რომ მან და პუტინმა განიხილეს აფხაზეთის გავლით სომხეთისკენ სარკინიგზო კომუნიკაციის საკითხი.
"გარემოებათა ხელსაყრელი დამთხვევით შესაძლებელია ტრანზიტი. უახლოეს მომავალში სიტუაცია კიდევ უფრო გაირკვევა და გასაგები გახდება, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ საკითხს ოდნავ მოგვიანებით დავუბრუნდებით, ვნახოთ რა მოხდება მთიანი ყარაბაღის გარშემო", - თქვა მან.
ასლან ბჟანიამ ასევე განაცხადა, რომ შეხვედრაზე "უსაფრთხოების საკითხებიც" განიხილებოდა. "ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება მიზნად ისახავს ბუნებრივი რესურსების ხელში ჩაგდებას, რითაც მდიდარია რუსეთის ფედერაცია" - აღნიშნა დე ფაქტო პრეზიდენტმა.
ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია აფხაზეთში "პოზიტიური ემოციისა და თანაგრძნობის "გამომუშავება" დიდი რუსი ხალხის მიმართ."
ასლან ბჟანიამ პრეს-კონფერენციაზე თქვა: ”მეგობრობას მოვლა სჭირდება. იმ დროის განმავლობაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით,[საუბარია მისი და პუტინის დიალოგზე] მე არ მომისმენია არც ერთი სიტყვა თუ მინიშნება, რომელიც არ შეეფერება ჩვენი ურთიერთობის ხედვას. აფხაზეთს ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს რუსეთის მხრიდან, რაც უნდა დაფასდეს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა განვითარდეს. აფხაზეთს ყოველთვის უნდა ჰქონდეს დასაბუთებული პოზიცია, ურთიერთობებში ტყუილი არ უნდა იყოს" - განაცხადა ბჟანიამ.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა