,,რეცეპტების მუზეუმი" - კულინარიული მემკვიდრეობის საცავი თბილისში
Tbilisi Daily
სულ რაღაც 1 წელია თბილისში, ინგოროყვას 22 ნომერში არსებობს სივრცე, რომელიც კულინარიული საგანძურისა და მემკვიდრეობის დაცვას ისახავს მიზნად. ეს ,,რეცეპტების მუზეუმია" - ადგილი, სადაც თავმოყრილია ძველი და თანამედროვე კერძების რეცეპტები.
მუზეუმის მთავარი ამოცანა უნიკალური ქართული ხალხური თუ საავტორო რეცეპტების შენახვა და მათი ისტორიის შექმნაა, რათა დავიწყებას არ მიეცეს ცნობები კერძების წარმოშობისა თუ მათი შექმნელების შესახებ. ტურისტული საგმენტისთვის რეცეპტები რამდენიმე ენაზეა წარმოდგენილი. ისინი სხვადასხვა ფორმის ხის სუვენირზე იბეჭდება და ამ სახით თავსდება საგამოფენო სივრცეში.
ექსპონანტების მონახულების გარდა ნებისმიერ მსურველს შეუძლია კულინარიაში საკუთარი ძალები მოსინჯოს და შემოთავაზებული რეცეპტების მიხედვით შოუ-რუმში კერძები მოამზადოს. გარდა ამისა, მცირე ჯგუფებისთვის ტარდება კულინარიული მასტერკლასები, რომელსაც თან ერთვის ღვინის დეგუსტაციაც. ამგვარად მუზეუმში მისულ თითოეულ სტუმარს შეუძლია გახდეს როგორც დეგუსტატორი, ასევე ექსპერიმენტატორ-ინოვატორიც.
დამთვალიერებლებს შეუძლიათ შეიძინონ ჯაშუში სუნელები (ქართული კერძების მოსამზადებლად საჭირო სუნელების მიქსი, თანდართული რეცეპტებით) SPY RECIPE. ასევე, თანამედროვე ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი კულინარიასთან დაკავშირებული ხელნაკეთი ნივთები. აღსანიშნავია, რომ მუზეუმისთვის საკუთარი უნიკალური რეცეპტების გადაცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ რეცეპტების მუზეუმი ერთადერთია მთელს მსოფლიოში და მას ანალოგი არ გააჩნია.
#კულინარია
#რეცეპტი
#მუზეუმი
#მემკვიდრეობა
#ინგოროყვას22
#tbilisidaily