ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი: ბიძინა ივანიშვილი დესტრუქციულ როლს თამაშობს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
8 ივნისს ევროპარლამენტში გაიმართა დებატები საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევებზე.
დებატები გახსნა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა, რომელიც რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთი ავტორია.
ლექსმანის თქმით, სამწხაროდ ბოლო წლებში საქართველოში მედიის თავისუფლების სერიოზულ შეზღუდვებს ვამჩნევთ. „მიმაჩნია, რომ ეს ტენდენციები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და სუვერენულ ქვეყანაში და ჰქონდეთ ევროპული მომავალი. ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად სცეს პატივი საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც გამოხატვისა და მედიის თავისუფლება გარანტირებულია, გაატაროს სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის საჭირო რეფორმები და შეაჩეროს დემოკრატიული უკუსვლის პროცესი.“
ამასთან, ლექსმანი გამოვიდა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით. „მიმაჩნია, რომ საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერისათვის მნიშვნელოვანია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება იმ დესქტრუქციული როლისთის, რასაც ის ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში თამაშობს.
როგორც ქართველი ხალხის მეგობრებს, ჩვენ არ შეგვიძლია მდუმარედ ვუყუროთ ქართული დემოკრატიის რეგრესს. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით,“ განაცხადა მირიამ ლექსმანმა.
9 ივნისს ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციის ტექსტს, რომელიც კრიტიკულად ეხება 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს, როცა „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული აქცია, „ღირსების მარში“, ჩაიშალა ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის შემდეგ და პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. მოძალადეების ნაწილი დააკავეს და მათ პატიმრობა აქვთ მისჯილი, ნაწილი და მათ შორის ორგანიზატორები კი, ამ დრომდე არ მიუციათ პასუხისგებაში.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31889572.html
Source: radiotavisupleba.ge