ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე:"საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების გამო ქვეყანამ დაკარგა ლიდერობა"
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ევროპარლამენტის წევრი, „ევროპის სახალხო პარტიის“ თანათავმჯდომარე, ლიეტუვის ყოფილი თავდაცვის მინისტრი რასა იუკნევიჩიენე „ტვიტერზე" გამოეხმაურა ევროკომისიის შეფასებას, საქართველოსთვის, დროებით უარი ეთქვათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე.
ის მიიჩნევს რომ ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია მიღებული პასუხი და წერს, რომ ელოდა ევროკომისიისგან ასეთ გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებით.
"საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების გამო ქვეყანამ დაკარგა ლიდერობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. თუმცა მე მჯერა ქართველი ერის. ისინი იმსახურებენ ევროპულ ცხოვრების წესს." - წერს ევროპარლამენტარი
დღეს 17 მაისს ევროკომისიის ლიდერებმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოს მიმართეს რეკომენდაციით, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი მიიჩნევს, რომ საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას და ამისთვის დიდი ნაბიჯი გადადგა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ევროკომისიისგან ამ ეტაპზე ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე თანხმობა, ჟოზეპ ბორელი მიიჩნევს, რომ დღეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირისკენ.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი სხვა არაერთი ლიდერის მსგავსად, მიიჩნევს რომ საქართველოს აქვს შანსი თუკი გააგრძელებს მუშაობას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
"ჩვენ ასევე მივესალმებით მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას.
და მუშაობას იმისთვის, რომ იგივე შესაძლებლობა მივცეთ ქართელ ხალხს.
ჩვენი კარი ღია უნდა დარჩეს. გავაძლიეროთ ევროპა, დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და დავიცვათ თავისუფლება." - წერს რობერტა მეცოლა.
საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ულოცავს უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ შემუშავებულ პოზიტიურ დასკვნას. მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველო გატარებული რეფორმებით უკრაინასა და მოლდოვაზე ბევრად უფრო წინაა, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომის დროს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო.
"ევროპული კომისია და ევროპული საბჭო იღებენ არა ექსპერტულ, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას...
რუსეთის სამხედრო აგრესიამ და მიმდინარე ომმა უკრაინას უკვე უმძიმესი ჰუმანიტარული და ეკონომიკური ზიანი მიაყენა... ამ ფონზე, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ერთგვარი მცირედი წახალისება, რაც ჩვენს მეგობარ ქვეყანას ევროკავშირისგან უსათუოდ უნდა მიეღო...
კონფლიქტის ზონასთან გეოგრაფიული სიახლოვიდან გამომდინარე, უკრაინაში მიმდინარე ომმა მძიმე ზიანი მიაყენა ჩვენს მეგობარ მოლდოვასაც... უკრაინაში მიმდინარე ომის მძიმე ეკონომიკური და ჰუმანიტარული გავლენის გათვალისწინებით, მოლდოვასაც უნდა მიეღო წახალისება", - განაცხადა კობახიძემ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31903107.html
Source: radiotavisupleba.ge