რუსეთში ერთკაციან აქციაზე კაცი ბავშვის ნახატის გამო დააკავეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
კრასნოიარსკის პოლიციამ დააკავა ადგილობრივი მკვიდრი ალექსანდრ კაპუსტინი, რომლიც ФСБ-ს შენობასთან მიტინგს მარტო მართავდა. ბავშვის ნახატზე, რომელიც მან ამობეჭდა და ხელში ეჭირა, გამოსახული იყო მზე, დედამიწა, მშვიდობის მტრედები და იყო ასევე წარწერა - „უთხარი ფაშიზმს არა“.
მანამდე, ეს ნახატი მონაწილეობდა კონკურში თემაზე - „არა ომს“, რომელიც 1 ივნისს ჩატარდა რუსეთის გენერალური პროკურატურის ციმბირის ფედერალური ოლქის სამმართველოს ორგანიზებით. ამ ინფორმაციას „Сибирь.Реалии“ ავრცელებს "ОВД-Инфо"-ზე დაყრდნობით.
იტყობინებიან, რომ კაპუსტინი პოლიციამ მალე გაათავისუფლა, მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ შეადგინეს ოქმი „გაძლიერებული მზადყოფნის რეჟიმის“ დარღვევისთვის. რადიო თავისუფლების რუსულენოვანი სამსახურის ცნობით, ეს რეჟიმი 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში დაწესდა და მისი დარღვევა იწვევს ჯარიმას ათასიდან 30 ათას რუბლამდე.
კაპუსტინი მანამდე 3 დღით იყო დაკავებულიც, სასამართლოს 12 ივნისის გადაწყვეტილების შედეგად. ის გაასამართლეს პოლიტპატიმრების მხარდამჭერი ერთი კაცის აქციის გამართვის განზრახვისთვის. მის წინააღმდეგ შედგენილი ოქმი, „Сибирь.Реалии“-ს ცნობით, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის გარდა, მაშინ მოიცავდა პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის ბრალდებასაც.
კაპუსტინი დაკავებული იყო თებერვალშიც, როცა მას ეჭირა პლაკატი - „პუტინო, ხელები შორს უკრაინისგან“. ბრალდება მაშინაც კორონავირუსისთვის დაწესებული შეზღუდვების დარღვევას უკავშირდებოდა.
რუსეთი უკრაინაში შეჭრის, 2022 წლის 24 თებერვლის, შემდეგ, "ОВД-Инфо"-ს ცნობით, რუსეთში 16 309 დაკავების ფაქტი აღირიცხა, დაკავებულები ხმამაღლა აპროტესტებდნენ ომის პოლიტიკას.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31915936.html
Source: radiotavisupleba.ge