თანაბარი შესაძლებლობებისა და ინკლუზიურობის პოლიტიკა ბათუმში
Batumi Daily
თანაბარი შესაძლებლობების ქონა ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, განურჩევლად პიროვნების უნარ-შესაძლებლობისა, სოციალური, პოლიტიკური თუ ეთნიკური კუთვნილებისა. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე ხშირად საუბრობენ სხვადასხვა პლატფორმაზე, ის მაინც უდიდეს გამოწვევად რჩება.
ისეთი თემები, როგორიცაა სრულყოფილი გარემოს შექმნა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, შშმ პირთა დასაქმება, პანდუსები და სხვა მრავალი საკითხი, რომელიც ბათუმში გადაუჭრელი რჩება. რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენს სახელმწიფოზე, რომელიც ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესახებ სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების წარმოებას, რის ვალდებულებაც ქვეყანას აღებული აქვს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მიხედვით. რა თქმა უნდა, საუბარი ზედმეტია რეგიონულ სტატისტიკაზეც.
ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების სტუდენტი - ლიკა ცინცაძე გვიზიარებს ევროპულ გამოცდილებას.
"რაც თავი მახსოვს, ყოველთვის, ყველას პრობლემა განსაკუთრებულად მიმქონდა გულთან ახლოს. ემპათიის უნარი მეხმარებოდა დამენახა სხვისი საჭიროებები და საკუთარი პრივილეგიაც. ვხედავდი, რომ ბევრთან შედარებით, ჩემი ცხოვრება გაცილებით მარტივი და წარმატების მიღწევაც შედარებით იოლი იყო. არ მჭირდებოდა კარგი განათლების მისაღებად საათები გზაში გამეტარებინა, არც იმ ბარიერებთან მიწევდა გამკლავება, რასაც, მაგალითად, შშმ პირები ყოველდღიურად აწყდებიან სკოლაში თუ სამსახურში წასვლისას. არც აშკარად გამოხატული დისკრიმინაციის მსხვერპლი ვყოფილვარ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა თანაბარ პირობებში ვცხოვრობთ ბათუმში. სწავლის პერიოდში, ევროპისა და ამერიკის რამდენიმე ქალაქში მომიწია ცხოვრება. იქ, ალბათ ყველაზე უკეთ დავინახე, რომ ქალაქებში და საზოგადოებაში მრავალფეროვნების ხელშეწყობა, სოციალური ჩართულობა და თანასწორობა პრიორიტეტია დღეს განვითარებულ სახელმწიფოებებში და უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური და მდგრადი მომავლისთვის. მივხვდი, რომ ეს არ არის უტოპიური სამყარო, რომელზეც მხოლოდ ოცნება შეიძლება და სახელმწიფო ნებისა და ძალისხმევის შედეგად, შესაძლებელია თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეს ყველას." - ამბობს ლიკა ჩვენთან საუბრისას.
ამ თემაზე სახელმწიფოს ვალდებულებებს შორის ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და ხელშეწყობა შედის. სახელმწიფომ თავისი სამართლებრივი და ადმინისტრაციული სისტემის შესაფერი თუ შესაბამისი იმპლემენტაცია უნდა უზრუნველყოს. ქალაქებში კი, საჭიროა მეტად შეიქმნას და გაძლიერდეს ჩარჩო მექანიზმი, რომელიც დაარეგულირებს ინკლუზიური გარემოს ხარისხს.
ლიკა თვლის, რომ პრობლემის მოგვარება სწორედ მიკრო დონიდან უნდა დაიწყოს.
"დღეს, ქალაქები აყალიბებენ გლობალური განვითარების პრაქტიკულად ყველა ასპექტს, მათ შორის ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების მოპოვებისა და განხორციელების წესს. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ პრობლემის მოგვარება სწორედ ლოკალურ დონეზე, ქალაქის მასშტაბით დაიწყოს. როდესაც ინკლუზიურობის პოლიტიკაზე და ადაპტირებულ გარემოზე ვსაუბრობთ, პირველი, ყველაზე საბაზისო საჭიროება, რაც ალბათ ყველას გვახსენდება პანდუსებია. საოცარი სისწრაფით შენდება ახალი კორპუსები ბათუმში, მაგრამ რამდენი მათგანია ადაპტირებული, მიუხედავად კანონით დადგენილი მოთხოვნებისა? აღარაფერს ვამბობ ძველ კორპუსებზე, ქუჩებზე, საჯარო თუ კერძო დაწესებულებებზე. სამწუხაროდ, ისედაც შეზღუდული რაოდენობით პანდუსებში, რომელსაც ბათუმში შევხვდებით, ბევრი ფასადურია და სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.
ინკლუზიური და ხელმისაწვდომი ქალაქი არის ქალაქი, სადაც ყველას, მიუხედავად მათი შესაძლებლობებისა, სქესისა, ასაკისა, სექსუალური იდენტობისა თუ რელიგიისა, შეუძლია სრულად მიიღოს მონაწილეობა სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ შესაძლებლობებში. ეს ნიშნავს, სახელმწიფოს მხრიდან ზედმეტი ბარიერების ნგრევას და ინკლუზიურ ურბანული განვითარების პოლიტიკას. ეს გულისხმობს ინვესტიციების მოზიდვას და მარგინალიზირებული ჯგუფების საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს - ამ ყველა კომპონენტზე აქტიურად მუშაობს ბულგარეთი, აღარაფერს ვამბობ დასავლეთ ევროპისა და ამერიკის განვითარებულ ქალაქებზე."
ჩვენ გვახსოვს აჭარის განათლების მინისტრი[ები]სა და მათი მოადგილეების ანგარიშები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების განათლების ხელმისაწვდომობის შესახებ, რომლებიც ხარვეზებით სავსე იყო. გვახსოვს "სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის უზრუნველყოფის კუთხით" აჭარის ა/რ - ის 2016-2021 წლების სტარტეგიული განვითარების გეგმაც, სადაც "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაცია" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასავითარებელი ასპექტი იყო. ამასთან დაკავშირებით, ლიკა ფიქრობს, რომ თანაბარი შესაძლებლობებისა და ინკლუზიურობის პოლიტიკა ბათუმში უნდა მოიცავდეს რამდენიმე კომპონენტს. ინკლუზიურ განათლებაზე ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, თანაბარი შესაძლებლობები მოქალაქეებისთვის და აქტიური მხარდაჭერა დასაქმების პროცესში.
მისი თქმით, "იდეალურ შემთხვევაში, ეს პოლიტიკა უნდა გულისხმობდეს ადამიანთა გაძლიერებას და მათი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ჩართულობის ხელშეწყობას. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება არამხოლოდ საზოგადოებაში, არამედ კონკრეტულად იმ ადამიანებში, რომლებიც მუშაობენ ქალაქის ურბანული განვითარების გეგმის შემუშავებაზე. მათ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ რამხელა ეკონომიკური და ინოვაციური სარგებლის მოტანა შეუძლია ინკლუზიურ გარემოს და რა მექანიზმები, საერთაშორისო პრაქტიკები არსებობს ასეთი გარემოს შესაქმნელად; საცხოვრებლები და ტრანსპორტი მეტად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს, მობილობა გაუმჯობესდეს, შეიქმნას მეტი ინკლუზიის პროგრამები, როლებიც მოიცავს უმცირესობებს. მნიშვნელოვანია ასევე ინკლუზიური და მონაწილეობითი ბიუჯეტები და დაფინანსების მექანიზმები ქალაქის განვითარების ინკლუზიური პოლიტიკისა და სტრატეგიის განსახორციელებლად."
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გარკვეულწილად პატარ - პატარა ნაბიჯები იდგმება პრობლემის აღმოსაფხვრელად. მაგალითად, 2019 წელს ზღვის სანაპიროს ნაწილი გახდა ადაპტირებული შშმ პირებზე. აგრეთვე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასე თუ ისე ვისწავლეთ, რომ შშმ პირებს ეთმობათ სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, რომლითაც ყველამ არ უნდა ისარგებლოს.
"საბედნიეროდ, ურბანიზაცია იძლევა სოციალური ჩართულობის, მომსახურების თანაბარი ხელმისაწვდომობის შესაძლებლობებს. პოლიტიკის დაგეგმვისას, უბრალოდ ყველა ადამიანის საჭიროების გათვალისწინება უნდა მოხდეს, განსაკუთრებით კი მარგინალური თემების, მათ შორის შშმ და ხანდაზმული პირების. არ უნდა გვიწევდეს 2020 წელს სოციალური გარიყვის, დისკრიმინაციისა და მარგინალიზაციის პრობლემების აღმოფხვრაზე ზრუნვა, მაგრამ, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, არა?!"
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
###batumidaily
###ინკლუზიურიგარემო
###შშმპირთაუფლებები
###აჭარა
###ბათუმი
###ლიკასხედვა
###ახალიამბებიაჭარაში