ვლადიმერ პუტინმა ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე მხარეებს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა

Tbilisi Daily

რუსეთის პრეზიდენტმა ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე მხარეებს საომარი მოწქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. „აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი მხარეებს მოუწოდებს, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, ტყვეებისა და დაღუპულთა გაცვლის მიზნით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებები შეწყვიტონ“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში. კრემლში ასევე აღნიშნეს, რომ ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 9 ოქტომბერს კონსულტაციების გასამართად რუსეთში მიიწვია. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.