დავით არახამიას თქმით, დონბასში დაჭრილებისა და დახოცილების სახით უკრაინა ყოველდღე 1000-მდე ჯარისკაცს კარგავს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
დონბასში ყოველდღიურად 1000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება ან იჭრება, ხოლო 200-დან 500-მდე ადამიანი იღუპება. ამის შესახებ აშშ-ში ვიზიტისას უკრაინის ვერხოვნა რადაში მმართველი ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერმა და რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა.
არახამიას თქმით, დანაკარგის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში. მაისის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანა დონბასში დაღუპულის სახით 60-დან-100-მდე, ხოლო დაჭრილის სახით 500-მდე ადამიანს კარგავს.
მიიჩნევს არახამია დარწმუნებულია, რომ დანაკარგების მიუხედავად, უკრაინას დონბასში ბრძოლის ძალა შესწევს. მისივე თქმით, უკრაინამ ჯარში მილიონი ადამიანის მობილიზება მოახდინა და კიდევ ორი მილიონის მობილიზება შეუძლია, მაგრამ მათ შეიარაღება სჭირდებათ. "ჩვენ ხალხი მომზადებული გვყავს თავდასხმის, კონტრშეტევისთვის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება იარაღი," - განაცხადა არახამიამ.
არახამიამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მხრიდან მოსკოვთან მოლაპარაკების ჯგუფის წარმომადგენლები ყოველკვირეულად უკავშირდებიან რუს კოლეგებს, მაგრამ "ორივე მხარემ კარგად იცის, რომ ახლა მოლაპარაკებების დროს არ არის.
არახამიამ ასევე დასძინა, რომ უკრაინას მოლაპარაკებისთვის "საკმაოდ სუსტი პოზიცია აქვს" და ამიტომ არ სურს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, „ვიდრე პოზიცია არ შეიცვლება“, - მოჰყავს არახამიას სიტყვები გამოცემა Axios-ს.
გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ 10 ათასამდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.
უფლებადამცველ მარკ ფეიგინთან ინტერვიუში არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის დასაწყისში დღეში საშუალოდ 100 უკრაინელი სამხედრო იღუპება. რუსეთის არმიის დანაკარგი დღეში საშუალოდ 1000 ჯარისკაცს შეადგენს. ახლა, არესტოვიჩის გათვლებით, რუსეთის არმია ყოველდღე 200-300 ჯარისკაცს კარგავს.
ამ მონაცემების საბრძოლო პირობებში გადამოწმება შეუძლებელია.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31901381.html
Source: radiotavisupleba.ge