მეცინება, რატომ უწოდეს რუსული სოფელი, მე მინახავს ასეთი სოფლები ევროპაში - ხმალაძე ზურაბიშვილს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე "უცნაურს" უწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კომენტარს ორბელიანების სასახლის წინ "გამართულ რუსულ სოფელზე". ჟურნალისტებთან საუბრისას ხმალაძე ამბობს, რომ ასეთი სოფლები მას ევროპაში უნახავს.  “ვინ ვის უკითხავს მორალს არ ვიცი, მეც ახლა მივიღე ეს ინფორმაცია. ცოტა უცნაურია, მეცინება, რატომ უწოდეს ამას რუსული სოფელი. მე მინახავს ასეთი სოფლები ევროპაში, ვაკეთებთ ისეთ სოფელს, როგორიც არის ევროპაში. რუსეთში მე პირადად არ ვყოფილვარ, ვინც ყოფილა, იმან შეიძლება გააკეთოს შეფასება. მე წარმოდგენა არ მაქვს”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მისი სასახლის წინ თბილისის მერიის მიერ მოწყობილ საახალწლო სოფელს "რუსული სოფელი" უწოდა. მან, ასევე ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მიუღებელია ის, რაც დღეს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ხდება. "მიუღებელია ინსტიტუტზე, და აღარ ვამბობ ქალზე და პრეზიდენტზე ის, რაც ხდება დღეს - ზეწოლა, ბულინგი. სხვათა შორის, არ ვიცი, სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღაც უნდა გამოხატონ. შანტაჟი, პირდაპირ შანტაჟი, მუქარა, დამცირება, აგერ რუსული სოფელია ჩემს კართან და ნახეთ რას ნიშნავს, როცა... არ მგონია, არცერთ ქვეყანაში სხვაგან არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ ამ დაძაბულ პერიოდში ასეთი სოფელი გამართული. სხვადასხვა აზრებია და სხვადასხვა გემოვნება." , - თქვა პრეზიდენტმა.  27 დეკემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვების პასუხად თქვა, რომ საახალწლო სივრცეები, რომლებიც გასულ წელს დედაენის ბაღში იყო მოწყობილი, წელს პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეების თხოვნის გათვალისწინებით გადმოიტანეს. მანამდე, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ ახალ წლამდე დაგეგმილი ყველა ოფიციალური ღონისძიება გააუქმა. 26 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მიზეზი ლოგისტიკური სირთულეებია. https://www.radiotavisupleba.ge/a/32197613.html

Source: radiotavisupleba.ge