ბათუმში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საკითხზე სამედიცინო მოკვლევა მიმდინარეობს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბათუმში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საკითხზე სამედიცინო მოკვლევა მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე კლინიკაში რეგულირების სააგენტოდან სპეციალისტები არ მისულან. დედათა და ბავშვთა ცენტრის სამედიცინო დირექტორი ამბობს, რომ პაციენტი კლინიკაში კვირას შეიყვანეს, მას ქრონიკული დაავადება ჰქონდა და საჭირო გახდა თბილისში გადაყვანა. მოზარდი ტრანსპორტირების დროს გარდაიცვალა. თამარ ბახტაძის თქმით, პაციენტს კორონავირუსი კლინიკაში ჩატარებული კვლევის შემდეგ დაუდასტურდა. ''პაციენტს ჰქონდა ქრონიკული დაავადება, ესაჭიროებოდა დიალეზის ჩატარება. პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემდეგ, გამოვიძახეთ კატასტროფის მედიცინის ბრიგადა და და მოხდა რეფერირება თბილისში სპეციალიზირებულ კლინიკაში. სამწუხაროდ ტრანსპორტირების დროს პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და კოპიტნარის ტერიტორიაზე დაფიქსირდა გარდაცვალება. კლინიკაში შემოყვანისას ჰქონდა სხვადასხვა სისტემის უკმარისობა, თუმცა წამყვანი იყო მისი ქრონიკული დაავადება. მძიმედ მიმდინარე. ხშირი პერიოდულობით საჭიროებდა სამედიცინო ჩარევას. დიალიზი ჩვენს კლინიკაში არ ტარდება'' - განაცხადა თამარ ბახტაძემ. 12 წლის გოგო გუშინ გარდაიცვალა.