რუსეთმა უკრაინის ქალაქებში გახსნა ცენტრები რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლში, რომელსაც ამჟამად რუსი სამხედროები აკონტროლებენ, დღეიდან, 31 მაისიდან შესაძლებელია დოკუმენტების ჩაბარება რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად. ამის შესახებ ტელეგრამ-არხზე წერს მოსკოვის მიერ ზაპოროჟიეს ოლქში დანიშნული „სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის“ წარმომადგენელი ვლადიმირ როგოვი. მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დოკუმენტების მისაღებად მელიტოპოლში გახსნილია რუსეთის მიგრაციის ფედერალური სამსახურის განყოფილება. როგოვი არაფერს იუწყება იმის შესახებ, დაიწყეს თუ არა მოქალაქეებმა დოკუმენტების შეტანა. რუსეთმა ანალოგიური პროცესი წამოიწყო უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლშიც, რომელიც რუსი სამხედროების კონტროლქვეშაა. 30 მაისს, მარიუპოლის ლეგიტიმური მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ რუსული პასპორტების მისაღებად მარიუპოლის მცხოვრებთაგან ითხოვენ ჯერ რეგისტრაციის ცნობის აღებას დონეცკში და შემდეგ დოკუმენტების ჩაბარებას ქალაქ ნოვოაზოვსკში გახსნილ, ე.წ. მიგრაციის სამსახურში. ანდრიუშჩენკოს განცხადებით, რუსეთის მიერ მარიუპოლის ანექსია აქტიურ სტადიაზე გადავიდა. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 25 მაისს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით, უკრაინის ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების მცხოვრებთ შეუძლიათ რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით ითხოვონ. 2019 წელს პუტინმა ასეთივე უფლება მისცა უკრაინის ლუგანსკის და დონეცკის ოლქების მოსახლეობას. 2022 წლის თებერვალში, უკრაინაზე თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა აღიარა დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად". https://www.radiotavisupleba.ge/a/31876515.html

Source: radiotavisupleba.ge