ბეტონის ქალაქის გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

Batumi Daily

არასამთავრობო ორგანიზაცია "ბათომისა" და ბათუმელი აქტივისტების პროტესტებისა და ჩართულობის მიუხედავად, ბათუმმა უკვე დაიმსახურა "ბეტონის ქალაქის" წოდება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებასთან ერთად, უკვე მერამდენე წელია, რაც ახალი კორპუსები იგება ყველა თავისუფალ ადგილას. საიდანაც ადრე ზღვა ან ხეები მაინც ჩანდა, დღეს სხვისი ფანჯრების ხედი იშლება. შედეგად, უფრო ძველ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა ვეღარ ღებულობს მზის სხივევსაც კი. მზის სხივების ნაკლებობასა და "ბეტონის ქალაქში" ცხოვრების ნეგატიური გავლენა ფსიქიკაზე კი რეალური, სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული ფაქტია. კანადელმა მეცნიერმა კოლინ ელარდმა კვლევა ჩაატარა, სადაც მან ვირტუალურ გარემოში ქალაქების სხვადასხვა მოდელირება მოახდინა. ის ზომავდა ადამიანების ემოციურ უკუკავშირს სხვადასხვა ქალაქის სახეობაზე. კვლევამ დაადგინა, რომ მაღალსართულიანი კორპუსებით გავსებულმა ქალაქის მოდელმა ყველაზე მეტი ნეგატიური ემოცია გამოიწვია. უშუალოდ მაღალსართულიანი შენობების გარდა, ემოციური ფონის გაუარესებას სხვადასხვა ასოცირებული ფაქტორი იწვევს. ერთი ასეთი ფაქტორი შენობების დიზაინია. როდესაც მერია მიწას საკუთრებაში კერძო კომპანიას გადასცემს, ბათუმში სხვა შენობების იგნორირებით კომპანია საკუთარი დიზაინით იწყებს შენობის აგებას. ასე, მაგალითად, დაპროექტდა ცნობილი "ამბასადორის" შენობა ბათუმის ბულვარში, რომელიც მოქალაქეების ნაწილმა "ბეჭდების მბრძანებლიდან" ბოროტი ჯადოქრის, საურონის სასახლეს შეადარა. ასევე, არაერთი შენობა დაპროექტდა ძველ ბათუმში, ქალაქის ისტორიული იერის იგნორირებით. მეორე ფაქტორია სიმწვანის ნაკლებობა. გარდა ბუნებრივად დამაზიანებელი ეფექტებისა, რომლებსაც ხეების ნაკლებობა იწვევს, ნაკლებად მწვანე ადგილებში უარესია ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობაც. მესამე ფაქტორი 21-ე საუკუნის ყველაზე გავრცელებულ დაავადებასთან, დეპრესიასთან კავშირშია. მზის სხივები. კორპუსები, რომლებიც ფარავენ მზის სხივებს, ადამიანებს უშლიან ხელს, დ-ვიტამინი ბუნებრივად მიიღონ. კვლევების ნაწილი, თუმცა არა ყველა სამეცნიერო ნამუშევარი, მიიჩნევს რომ დ-ვიტამინისა და დეპრესიის შორის გარკვეული კავშირი არსებობს. ჯერ-ჯერობით კარგად შესწავლილი არ არის, როგორ მუშაობს ეს კავშირი - მაგალითად, უკვე დეპრესიაში მყოფ ადამიანებს დ-ვიტამინით მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო და პლაცებოთი მკურნალობისგან თითქმის არ განსხვავდებოდა. სამეცნიერო კონსენსუსი ამ აღმოჩენაზე ჯერ არ არსებობს, თუმცა ნათელია, რომ უკვე დეპრესიაში მყოფი ადამიანის მკურნალობა გაცილებით უფრო ძნელია და ისეთ რესურსებს მოითხოვს, რომელიც თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს ან ბათუმის რეგიონალურ მმართველობას არ გააჩნია. ხშირი კონტრარგუმენტი, რასაც ასახელებენ ასეთი მჭიდრო მშენებლობების მომხრეები არის ის, რომ დასავლეთის განვითარებულ სახელმწიფოებში ასეთი მშენებლობა გავრცელებული პრაქტიკაა. ამერიკის შეერთებული შტატები ცნობილია არქიტეკტურის ამ სტილით. საყურადღებოა ისიც, რომ სტატიაში აღნიშნული კვლევები ტარდება ზუსტად ამ ქვეყნებში - კონკრეტულად კი, კანადასა და აშშ-ში. მეცნიერების ნაწილი ამბობს, რომ ასეთ ქვეყნებში უკვე აშენებული კონსტრუქციების მიერ გამოწვეული ნეგატიური ეფექტების შემცირება შესაძლებელია. დასავლეთში ბევრი კომპანია ოფისებში აწყობს სამედიტაციო ადგილებს, მწვანე კუთხეებს, განტვირთვისთვის და რეფლექსიისთვის განკუთვნილ ოთახებს. ზოგი მეცნიერის პროგნოზით, ასეთ ინიციატივებს ადამიანისთვის მიყენებული ზიანის ნაწილობრივ აღდგენა შეუძლია. ბათუმში და დანარჩენ აჭარაში, არცერთ კომპანიას დღეს მსგავსი პრაქტიკა არ გააჩნია. შესაბამისად, არის ფსქიკისთვის დამანგრეველი ეფექტი, ხოლო კომპენსაციას სახელმწიფო სექტორი არ ჩქარობს. #ფსიქიკა #ბეტონის_ქალაქი #ბათუმი #მშენებლობები #batumidaily