ზაალ უდუმაშვილა პარლამენტის დეპუტატის სტატუსი შეუწყდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ზაალ უდუმაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი აღარ არის. მისი მოთხოვნა საქართველოს პარლამენტმა დღეს, 9 ივნისს კენჭისყრით დააკმაყოფილა. მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მომხრე 81 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი - არავინ. უდუმაშვილმა 29 მაისს თქვა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებდა და მედიაში ბრუნდებოდა. "დღეს მთავარი ბრძოლის ხაზი მედიაზე გადის. ისევე, როგორც არასდროს, დღეს თავისუფალ სიტყვას, დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება", - თქვა ზაალ უდუმაშვილმა და დასძინა, - "ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მედიაში დავბრუნდები. ბრძოლის ველიდან არ გავდივარ, ბრძოლის ხაზზე ვრჩები, თუმცა დისლოკაციის ადგილს ვიცვლი." ზაალ უდუმაშვილი წლების განმავლობაში იყო "რუსთავი 2"-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი და ამავდროულად ამავე არხის გენერალური დირექტორის მოადგილე. მან ეს არხი 2017 წლის 19 ივნისს დატოვა. ის იმ წელს "ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის მერობის კანდიდატი იყო. "ეს არის ჩემი ბოლო მიმართვა მაყურებლისადმი, როგორც კურიერის წამყვანის, დღეს მე ვამთავრებ 25 წლიან სატელევიზიო კარიერას ვასრულებ, თუმცა თქვენთან ურთიერთობას არა ეკრანიდან, არამედ უშუალო ურთიერთობით განვაგრძობ... ქვეყანას მთავარი ბრძოლა ჯერ წინ აქვს და ვაპირებ, რომ თქვენი სახელით შევიდე ამ ბრძოლაში და კიდევ ერთხელ გავიმარჯვო. და ამჯერად თბილისის მერის არჩევნებში დავამარცხო ივანიშვილის კორუმპირებული და არადემოკრატიული რეჟიმი", - თქვა მაყურებელთან დამშვიდობების დროს ზაალ უდუმაშვილმა. უდუმაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" სიით იყო არჩეული. https://www.radiotavisupleba.ge/a/31890483.html

Source: radiotavisupleba.ge