ჯოჭოში სტიქიის დროს დაღუპულების ოჯახის წევრების პროტესტი

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ხელვაჩაურის მერის კაბინეტთან დღეს სოფელ ჯოჭოში, მეწყერის დროს გარდაცვლილი ოჯახის ახლობლები მივიდნენ. ისინი ჯუმბერ ვარდმანიძეს ელოდებიან. მერი ჯერ-ჯერობით მუნიციპალიტეტის შენობაში არ მისულა. გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ ჯუმბერ ვარდმანიძის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ასევე,მომხდარზე პასუხი უნდა აგონ გეოლოგიური სამსახურის თანამშრომლებმაც. მათი თქმით, ოჯახმა დახმარებისთვის ხელვაჩაურის მერიას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა თვითმმართველობას რეაგირება არ მოუხდენია. გარდაცვლილის დედამ, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ სოფელში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, არცსამძიმარზე და არც მომდევნო დღეებშიმერიის წარმომადგენლები და მათ შორის ჯუმბერ ვარდმანიძეც ოჯახთან არ ყოფილა. სოფელ ჯოჭოს მოსახლეობა ამ წუთებში ხელვაჩაურის მერიის შენობასთან იკრიბება. ისინი გზის გადაკეტვას აანონსებენ და ჯუმბერ ვარდმანიძის გადადგომას ითხოვენ. ხელვაჩაურის მერიაში საპასუხო კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. განმარტებებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. მეწყერი სოფელში 1 ოქტომბერს,ღამით ჩამოწვა.მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი და გზაზე მიმავალი ავტომობილი. გარდაიცვალა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.