ნიკოლაევში რუსული ენის სწავლა იკრძალება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ნიკოლაევის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ახალი, 2022-23 სასწავლო წლიდან, ნიკოლაევში აიკრძალება რუსულ ენაზე სწავლა.
„უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე, ქალაქ ნიკოლაევის სკოლებში პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით შეწყდება რუსული სექტორის ფუნქციონირება“, - წერია კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
აკრძალვა შეეხება ასევე პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით, რუსული ენის, როგორც საგნის, კურსისა თუ ფაკულტატივის სახით შესწავლას.
კომიტეტის წევრის, ეკატერინა სტოკალიასის განცხადებით, ეს ღონისძიება შეეხება ყველა მუნიციპალურ სასწავლებელს.
ომის დაწყების დღიდან, ნიკოლაევი რუსეთის არმიის განსაკუთრებული შეტევის ობიექტია. 17 ივნისს, გამთენიისას, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევა მიიტანეს მძინარე ქალაქზე.
სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა ორი ადამიანი. ოცზე მეტმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. დაჭრილთა შორის არიან ბავშვებიც.
24 თებერვალს რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით. სამხედრო ოპერაციის მიზნებად მან დაასახელა უკრაინის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31904914.html
Source: radiotavisupleba.ge