უსაფრთხოების ზომების დარღვევის გამო ათამდე ობიექტი დაჯარიმდა
Tbilisi Daily
ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ, კრიტიკული დარღვევების გამო, სექტემბერში ათამდე ობიექტი დაჯარიმდა.
„სხვადასხვა უწყებებთან ერთად, მუდმივად ვახორციელებთ შემოწმების პროცესს. ასევე, ცნობიერების ამაღლებისთვის, ადგილზე ვაწვდით ინფორმაციას. რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, მიკროავტობუსებს - ბოლო პერიოდის განმავლობაში, აქტიურად ვახდენთ ზედამხედველობას. არ იძვრება მიკროავტობუსი, ვიდრე კონკრეტული მგზავრი პირბადეს არ გაიკეთებს. როცა გეგმიური შემოწმება გვაქვს, ასეთ შემთხვევაში, მგზავრი ან ჩადის ტრანსპორტიდან, ან ტარდება სანქცია. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ სხვადასხვა კომპანიას, დამსაქმებელსა და დასაქმებულს პირბადის ტარებისკენ. ესაა მათივე უსაფრთხოებისთვის და, ზოგადად, ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისთვის. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა კრიტიკული დარღვევები გვხვდება და მიმდინარე თვის განმავლობაში, ასეთი იყო ათამდე ობიექტი, სადაც გამოვიყენეთ სანქცირების მექანიზმი. ეს გულისხმობს 2 000 ლარს ფიზიკური პირის მიმართ და იურიდიული პირის მიმართ - 10 000 ლარის ოდენობით“ - განაცხადა ბექა ფერაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12272 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6538 ადამიანი, გარდაიცვალა 91 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში 5590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.