CURIOSITY-მ მარსზე შემთხვევით ქვა გატეხა და მისი გასაოცარი შემადგენლობა დაგვანახა

3
სიურპრიზიიი! 😯
✦ როდესაც როვერმა თავისი 899-კილოგრამიანი სხეულით ქვაზე გადააბიჯა, ქვა გაიბზარა და გოგირდის ყვითელი კრისტალები გამოვლინდა.
მიუხედავად იმისა, რომ სულფატები მარსზე საკმაოდ გავრცელებულია, ეს გოგირდის სუფთა ფორმით აღმოჩენის პირველი შემთხვევაა.
კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ ტერიტორია, სადაც Curiosity-მ ეს ქვა აღმოაჩინა, სავსეა კლდოვანი სხეულებით, რომლებიც საეჭვოდ ჰგვანან გოგირდის ქანებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ზოგიერთ ადგილას გოგირდი შეიძლება უხვად იყოს.
» „სუფთა გოგირდის ქანების ველის აღმოჩენა უდაბნოში ოაზისის პოვნას ჰგავს“, - ამბობს Curiosity-ის პროექტის მეცნიერი ეშვინ ვასავადა.
„იგი იქ არ უნდა იყოს და ახლა მოგვიწევს ავხსნათ ეს ყოველივე. უცნაური და მოულოდნელი რაღაცების აღმოჩენა არის ის, რაც პლანეტების კვლევას კიდევ უფრო ამაღელვებელს ხდის“.
სულფატები მარილებია, რომლებიც წარმოიქმნებიან მაშინ, როდესაც გოგირდი წყალში სხვა მინერალებს ერევა.
როდესაც წყალი ორთქლდება, მინერალები ერთმანეთს ერევა და შრება, რის შედეგადაც ვიღებთ სულფატებს.
ამ სულფატებს შეუძლიათ ბევრი რამ გვითხრან მარსის წყლის ისტორიისა და მისი ატმოსფეროს შესახებ.
სიმართლე რომ ვთქვათ, ბევრი რამ არ ვიცით მარსის გეოლოგიური ისტორიის შესახებ, მაგრამ მარსის ზედაპირზე სუფთა გოგირდის აღმოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ არის რაღაც საკმაოდ მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ ჯერ არ ვიცით.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ გოგირდი აუცილებელი ელემენტია ყველა სახის ცოცხალი ორგანიზმისთვის, რადგან გამოიყენება ორი ამინომჟავის წარმოებისთვის, რომლებიც საჭიროა ცილების შესაქმნელად.
ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ მარსზე ოდესმე სიცოცხლე იყო, რადგან არ გვიპოვია მტკიცებულებები.
როვერი Curiosity აგრძელებს მონაცემების შეგროვებას.
მან უკვე გაბურღა ხვრელი ერთ-ერთ ასეთ ქვაში, აიღო ნიმუშები და გააანალიზა ქიმიური შემადგენლობა.
ამრიგად, წითელი პლანეტის კვლევა გრძელდება და შესაძლოა მალე ისევ ვიხილოთ სიურპრიზები.

მომზადებულია Sciencealert-ის მიხედვით.
IMAGE: NASA/JPL-Caltech/MSSS / EDITED BY FUTURE POST
3