ირანი ვენესუელას აქტიურად ეხმარება

Headline

აშშ-ის მხრიდან ვენესუელას სოციალისტურ ხელისუფლებაზე განხორციელებული „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკის საპასუხოდ, ოფიციალურმა კარაკასმა დახმარებისთვის ირანს მიმართა. ნიკოლას მადუროს რეჟიმის მიზანს ერთ-ერთი ძველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ხელახლა ამოქმედება წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოში ნავთობის უდიდესი რეზერვების მქონე ქვეყანას, ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე წარმოშობილი ბენზინის დეფიციტს შეუმსუბუქებს. ოფიციალური თეირანის კუთვნილმა „Mahan Air“-ის თვითმფრინავმა 23 აპრილს რიგით მეორე ფრენა (პირველი 21 აპრილს შედგა) განახორციელა ვენესუელას დასავლეთში (პარაგუანას გამამუშავებელი კომპლექსის სიახლოვეს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია) და ბენზინის საწარმოებლად საჭირო ქიმიური კომპონენტები ჩაიტანა ადგილზე. მომდევნო კვირების მანძილზე კიდევ 14 ფრენის განხორციელება არის დაგეგმილი, რომლის საშუალებითაც ირანელი ტექნიკოსები ჩავლენ ამ სამხრეთ ამერიკულ ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ თეირანის კუთვნილ „Mahan Air”-ს, სირიაში, ბაშარ ასადის მთავრობის მხარდასაჭერად, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ე.წ. ყუდსის ძალების გადაყვანის გამო, 2011 წლიდან აშშ-ის სანქციები აქვს დაკისრებული. მსოფლიოში კორონავირუსული პანდემიის მიუხედავად და იმ ფონზე, რომ გლობალური ავიამიმოსვლა შეჩერებულია, ზემოთ აღნიშნულ ავიახაზებს ფრენები არ შეუწყვეტია ჩინეთის მიმართულებითაც. საკითხის სპეციალისტების მოსაზრებით, ამერიკის მხრიდან, ირანის ნავთობის ინდუსტრიაზე დაწესებული სანქციები „მძიმე ტვირთად“ აწევს თეირანის შიიტურ თეოკრატიას და ყველანაირად ცდილობენ მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ნავთობპროდუქტების ინდუსტრიის ამუშავებას. იმის გამო, რომ ირანის ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიაზე ვერ აწარმოებს საწვავის გადასამუშავებლად საჭირო ე.წ. კატალიზატორების საჭირო რაოდენობას (წარმოება სრულად ვერ გადაფარავს 9 ერთეული აქტიური ქარხნის სამუშაო მოთხოვნილებას), რესურსის მოსაპოვებლად და დასახმარებლად ჩინეთს მიმართავს, რომელთანაც, შეერთებული შტატების სანქციების მიუხედავად, კვლავ აქვს აქტიური ეკონომიკური ურთიერთობები. ვენესუელას საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ელიოტ აბრამსმა 30 აპრილს განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ოფიციალური კარაკასი ფულადი სახსრების უქონლობის გამო, ირანისგან მიღებულ დახმარებას სავარაუდოდ ოქროთი იხდის. აბრამსის თქმით, ნავთობის გადასამუშავებლად საჭირო კომპონენტებით აღჭურვილი თვითმფრინავები რეისებს ასრულებენ ვენესუელას მიმართულებით, უკან კი ოქროთი დატვირთულები (გადახდის ფორმა) ბრუნდებიან. ინფორმირებული წყაროების ცნობით, აპრილში ვენესუელამ უკვე 9 ტონა ოქრო (დაახლოებით $500 მლნ-ის ღირებულების) გაგზავნა ირანში. აქვე აღსანიშნავია, რომ არსებობს სხვა ვარაუდიც ოქროთი გადახდის მეთოდის წარმოებაზე. 2019 წლის თებერვალში, ერთ-ერთი დასავლელი დიპლომატი აცხადებდა, რომ ვენესუელა ოქროს ექსპორტს თურქეთის მიმართულებითაც ახორციელებს, რომლის გარკვეული რაოდენობა, ამერიკული ეკონომიკური სანქციების დარღვევით, შემდგომ ირანშიც გადააქვთ. დიპლომატის თქმით, აღნიშნულის შესახებ ოფიციალური ანკარა უკვე იყო გაფრთხილებული. აქვე აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა, ვენესუელაში პრო-ამერიკელი ლიდერის ხუან გუაიდოს ხელისუფლებაში მოსვლა გააპროტესტა და სრულიად მოულოდნელად ნიკოლას მადუროს გამოუცხადა მხარდაჭერა. მადუროს მოწინააღმდეგეები, ადგილობრივ მთავრობას ადანაშუალებენ იმაში, რომ მაფიოზური ქსელების გამოყენებით უკანონოდ ხდება ოქროს მოპოვება. არსებული ინფორმაციით, ვენესუელას ოქროს იმპორტი თურქეთის მიმართულებით მზარდია და 2018 წელს აღნიშნულმა $1 მლრდ-ს მიაღწია. გარდა ამისა, ამ სახელმწიფოდან ოქროს იმპორტს არაბთა გაერთიანებული საემიროები და რუსეთიც ახორციელებენ, მაგრამ დასავლეთის მხრიდან ყველაზე „დიდ პრობლემად“ მაინც თურქეთი განიხილება. ზოგადად ირანსა და ვენესუელას შორის ურთიერთობები უგო ჩავესისა და მაჰმუდ აჯმადინეჯადის პრეზიდენტობის დროს გამყარდა. ამ პერიოდში მხარეებს შორის სხვადასხვა სახის ხელშეკრულებები გაფორმდა სოფლის მეურნეობის, სამრეწველო და ფინანსურ სექტორებში. ოფიციალურმა თეირანმა რამდენიმე სამშენებლო პროექტიც (მათ შორის ქარხნებიც) განახორციელა ამ სახელმწიფოში. თუმცა, შემდეგ ოფიციალურმა კარაკასმა ვერ შეძლო ირანული კომპანიებისთვის შესაბამისი ანაზღაურების გადახდა და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების დონე დაეცა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Iran #Venezuela #Turkey #economy #relations #crisis #oil #gasoline #gold #headline