კორონავირუსით ქუთაისში ექიმი გარდაიცვალა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ქუთაისის ინფექციურ კლინიკა „ლჯ-კოში“ COVID-19-ით გარდაიცვალა გინეკოლოგი რუსუდან ჯიქია. 60 წლის ქალს თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. მას ორი კვირის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდნენ. „ითვლებოდა კრიტიკულად მძიმე პაციენტად“, -ამბობს „ლჯ-კოს“ სამედიცინო დირექტორი ნოდარ მაღლაფერიძე. მედიკოსის ინფიცირების წყაროს, ქუთაისის მე-2 სამშობიარო სახლში დაზუსტებით ვერ ასახელებენ. „დანამდვილებით ვერ გეტყვით, რომ რუსუდან ჯიქია სამშობიაროში დაავადდა კოვიდ-19-ით. თუმცა, ჩვენთან კოვიდი თითქმის ყველა ექიმმა გადაიტანა. 18 ნოემბერს გავიგეთ, რომ ცუდად იყო, გამოუვლინდა სიმპტომები, რის შემდეგაც გადაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში, მას თირკმლის დაავადება გამოკვლევების დროს დაუდგინეს. ჰქონდა ჭარბი წონა“, - ამბობს ქუთაისის მე-2 სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი ნინო უგრეხელიძე. რუსუდან ჯიქია მე-2 სამშობიარო სახლში გინეკოლოგად მუშაობდა კლინიკის დაარსების დღიდან. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, კორონავირუსზე გასულ 24 საათში ჩატარებული 6 554 ტესტიდან გამოვლენილია 1337 შემთხვევა. უქმე დღეებში, როგორც წესი, ტესტირების რაოდენობა იკლებს. გასული კვირის სამუშაო დღეებში ტესტირებულთა რაოდენობა დაახლოებით სამჯერ მეტი იყო და 4000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 49 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1839-მდე გაიზარდა. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 191 063 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 3498-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 161 681. https://www.radiotavisupleba.ge/a/30999877.html #ახალი_ამბები #twitter