ირაკლი კობახიძე - დღევანდელ დღეს ჰყავს ერთადერთი დამარცხებული და ეს არის რადიკალური ოპოზიცია
Tbilisi Daily
დღეს საქართველოს პარლამენტში შედგა ისტორიული კენჭისყრა, რომლის საფუძველზეც 25 წლის განმავლობაში პირველად საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება იმგვარი საარჩევნო სისტემით, რომელზეც მთელი პარტიული სპექტრი თანმდება. ამით აღსრულდა 8 მარტის შეთანხმება, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორრის ჩვენი საერთაშორისო მხარდაჭერითა და აქტიური ძალისხმევით გაფორმდა- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ეს დღე არის არის სახელმწიფოს გამარჯვება და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიული განვითარების გზაზე.
„ეს დღე, ასევე, არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით კი, 8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორი ელჩების გამარჯვება. დღეს კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მხოლოდ რამდენიმე კვირის ჩამოსული იყო, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. მადლობას ვუხდით ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, მადლობას ვუხდით გერმანიის ელჩს, ჰუბერტ კნირშს, რომელიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში რადიკალური ოპოზიციის უპრეცედენტო აგრესიისა და შეურაცხყოფის ობიექტი გახდა, ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს 8 მარტის შეთანხმების გაფორმებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. ეს დღე არის „ქართული ოცნების“ გამარჯვებაც. ეს დღე არის იმ მუდმივი და თანმიმდევრული დემოკრატიული წინსვლის ლოგიკური გაგრძელება, რომელიც საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შემდგარი 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხით დაიწყო. დღევანდელი დღე არის გამარჯვება ყველასთვის, ვინც საქართველოს დემოკრატიული განვითარებით არის დაინტერესებული“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, დღევანდელ დღეს ჰყავს ერთადერთი დამარცხებული და ეს არის რადიკალური, დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიცია, რომელმაც უხეშად დაარღვია 8 მარტის შეთანხმება.
„ოპოზიციამ უარი თქვა ელჩების მკაფიო მოწოდებების შესრულებაზე და ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა. საზოგადოება უკვე მიჩვეულია იმას, რომ სადაც მარცხდება ნაციონალური მოძრაობა, იმარჯვებს ქართული დემოკრატია. შესაბამისად, მათი ეს მარცხიც ქართული დემოკრატიის განვითარების კანონზომიერების ნაწილია. სიმბოლური და ნიშანდობლივია, რომ საკონსტიტუციო რეფორმის მსგავსად, საქართველოს კონსტიტუციას არც ამჯერად შეეხო იმ პოლიტიკური ძალის ხელი, რომელიც წლების მანძილზე საქართველოს კონსტიტუციის უხეში ხელყოფით იყო გამორჩეული“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე „ქართული ოცნების“ სახელით, მადლობას გადაუხადა იმ პარლამენტარებს, რომელმაც დღეს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს.
„კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ჩვენს მეგობარ ელჩებს, საერთაშორისო პარტნიორებს, ყველას, ვინც საქართველოს დემოკრატიული განვითარებით არის დაინტერესებული.„ქართული ოცნება“ სრულად იღებს პასუხისმგებლობას 31 ოქტომბერს ახალი საარჩევნო სისტემით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე“ - აღნიშნა კობახიძემ.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 117-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 120-მა დეპუტატმა.