ევროპარლამენტის პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადავიდა

Tbilisi Daily

კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, ევროპარლამენტის პრეზიდენტი, დავიდ სასოლი თვითიზოლაციაში გადავიდა. „კონტაქტი მქონდა ჩემს თანამშრომელთან, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. თავს კარგად ვგრძნობ, სიმპტომები არ მაქვს, თუმცა წესების თანახმად, თვითიზოლაციაში გადავდივარ, რათა ყველა საჭირო ანალიზი ჩავაბარო“, - დაწერა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა Twitter-ზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.