სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლა განახლდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე 16 ივლისს განახლდა სროლა წინა დღით ხანმოკლე დეესკალაციის შემდეგ. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ ფრონტის ხაზის პოზიციებზე თავდასხმასა და სოფლებისთვის ჭურვების დაშენაში. სომხეთის არმიის თანახმად, მათ ჩაშალეს აზერბაიჯანული მხარის განთიადისწინა რეიდი სასაზღვრო საგუშაგოზე ტავუშის რაიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ არეალში. „მძაფრი სროლის შემდეგ მოწინააღმდეგე უკუგდებულ იქნა დანაკარგებით“,  განაცხადა თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა, შუშან სტეპანიანმა და დასძინა, რომ აზერბაიჯანის ჯარმა დაიწყო საზღვრისპირა ორი  სოფლისთვის ნაღმტყორცნებითა და ჰაუბიცებით ცეცხლის დაშენა. სტეპანიანმა ფეისბუკით დაწერა, რომ „სროლა ახლაც გრძელდება, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები აზერბაიჯანის პროვოკაციას ნეიტრალიზებას უკეთებენ“.   აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დაადანაშაულა სომხეთის ძალები, რომ თავს დაესხნენ ფრონტის პირა ძალებს და ცეცხლი დაუშინეს აზერბაიჯანის სოფლებს თოვუზის რაიონში, რომელიც სომხეთის ტავუშის ოლქს ესაზღვრება. დეტალებზე ცნობაში ნათქვამი არაფერია. სროლა განახლდა აზერბაიჯანსა და სომხეთის საზღვრისპირა არეალში ერთდღიანი შესვენების შემდეგ, რომელიც მოჰყვა სამდღიან შეტაკებებს, რასაც სულ მცირე 15 ჯარისკაცი ემსხვერპლა, და რასაც სერიოზული შეშფოთება მოჰყვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. https://www.radiotavisupleba.ge/a/30729814.html #ახალი_ამბები #twitter