ახალქალაქში აქციაზე საქართველო-სომხეთისა და საქართველო-რუსეთის საზღვრების გახსნა მოითხოვეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ახალქალაქში დღეს, 3 თებერვალს, გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმაც საქართველო-სომხეთისა და საქართველო-რუსეთის საზღვრების გახსნა მოითხოვეს. მათი განცხადებით, საზღვრების გახსნა მათი ოჯახებისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია:
,,საზღვრების ჩაკეტვით ყველაზე მეტად სამცხე-ჯავახეთის - ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და წალკის მოსახლეობა ზარალდება. ხალხი იქ სამუშაოდ მიდის და არა ბიზნეს საქმიანობისთვის", - უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის მონაწილე არმენ კაბლანიანმა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრიდან გამგეობის შენობაში გადაინაცვლეს, სადაც ახალქალაქის მერსა და მის მოადგილეს შეხვდნენ და თავიანთი მოთხოვნები გააცნეს. ქალაქის მერმა იური უნანიანმა შეკრებილებს განუმარტა, რომ საზღვრის გახსნა მათ კომპეტენციაში არ შედის:
"ჩვენც თქვენსავით პატარა ადამიანები ვართ. საზღვრების გახსნა ჩვენს ხელში არ არის. მეც მყავს ახლობლები, მაგრამ ხალხო, გაიგეთ, რომ პანდემიაა და ამიტომ არის საზღვრები დღემდე დაკეტილი", - განუცხადა იური უნანიანმა აქციის მონაწილეებს.
ახალქალაქში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სახმელეთო საზღვრების გახსნის მოთხოვნით უკვე მეორედ გაიმართა. თავისი მოთხოვნები ჯავახეთის მოსახლეობამ, პირველად 31 იანვარს გააჟღერა. აქცია დღეს, 3 თებერვალს ქალაქის ცენტრში დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31084254.html
#ახალი_ამბები
#twitter