CNN-ი ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეს ეხმაურება

Tbilisi Daily

"ჩოგბურთის ვარსკვლავს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილ მეუღლეზე ძალადობა ედება ბრალად", - ამ სათაურით სტატიას CNN აქვეყნებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს პროკურატურამ ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელიც მსოფლიოში 27 ადგილზეა, ყოფილ მეუღლეზე ნელი დოროყაშვილზე ძალადობისთვის წაუყენა ბრალი. ბასილაშვილი 100 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და 31 ივლისს სასამართლო მოსმენა გაიმართება. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს. გამოცემა ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატს ციტირებს, რომლის განცხადებითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წაყენებული ბრალდება "ყალბი და სრულიად დაუსაბუთებელია". თუმცა, როგორც ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა განაცხადა, „არსებობენ მოწმეები. არსებობს რამდენიმე აუდიო და ვიდეოჩანაწერი, ასევე ტექსტური შეტყობინებები“. ”სამწუხაროდ, მედიამ უსამართლოდ გააშუქა საკითხი და საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა ბასილაშვილს, არა საქმის ასპექტების გამო, არამედ, მხოლოდ ბასილაშვილის რეპუტაციისა და მისი სქესის გამო", - აღნიშნავს ანა აბაშიძე. გამოცემა აღნიშნავს, რომ CNN-ის თხოვნის მიუხედავად, მომხდართან დაკავშირებით არც ნიკოლოზ ბასილაშვილსა და არც მის მეუღლეს კომენტარი არ გაუკეთებიათ.