როდის დასრულდება კორონა: სამი მთავარი პასუხი

Tbilisi Daily

როდის დასრულდება კორონავირუსის ეპიდემია? – ეს ის კითხვაა, რომელიც ყველა ჩვენგანს თავში მუდმივად უტრიალებს. ამ კვირაში ამ კითხვაზე რამდენიმე პასუხი მოვისმინეთ საკმაოდ კომპეტენტური პირებისგან. შევაჯამოთ: პარასკევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა, იმედი გამოთქვა, რომ პანდემია 2 წელიწადში დასრულდება. ამ საკითხზე საუბრისას მან 1918 წლის პანდემია ე.წ. ესპანური გრიპიც გაიხსენა. მაგრამ შემდეგ, შაბათს, დიდი ბრიტანეთის საგანგებო სიტუაციების (Sage), სამეცნიერო მრჩეველთა ჯგუფის წევრმა, სერ მარკ უოლპორტმა, BBC-ს უთხრა, რომ კოვიდ 19 ჩვენთან რაღაც ფორმით, სამუდამოდ დარჩება და ხალხს ვაქცინაციის განახლება მუდმივად მოუწევს. დღეს კი, დიდი ბრიტანეთის სამედიცინო მრჩეველმა პროფესორმა კრის უიტმა თქვა, რომ ვირუსი მსოფლიოსთვის სერიოზული გამოწვევა კიდევ 9 თვის განმავლობაში იქნება. როგორც ჩანს, პასუხი დამოკიდებულია იმაზე, ვის ვეკითხებით და რაც უფრო მეტი გვპასუხობს, მეტად ვიბნევით. საბოლოოდ, მაინც უცნობი რჩება, როდის დასრულდება პანდემია და საერთოდ დასრულდება თუ არა ოდესმე ის.