GDI: სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად მიიღო "თბილისი პრაიდის" სარჩელი 5 ივლისზე

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველად მიიღო GDI-ის საჩივარი  „თბილისი პრაიდის“ საქმეზე და აღნიშნა რომ საქმეს შესაძლოა პრეცედენტული მნიშვნელობა მიენიჭოს (“The Court considers that these application may become an impact case”). საქმე ეხება 2021 წლის 5 ივლისს განხორციელებული ჰომოფობიური ძალადობას, თავდასხმებს და მუქარას ლგბტქი+ თემისა და აქტივისტების წინააღმდეგ. შესაბამისად, საჩივრით მოსარჩელეები ითხოვენ ხელისუფლების უმოქმედობის და არაეფექტური რეაგირების გამო კონვენციით გარანტირებული უფლებების, კერძოდ კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-11 (შეკრების თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევის დადგენას. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, რომელიც იცავს “თბილისი პრაიდის” და ლგბტქი+ აქტივისტების უფლებებს ევროპულ სასამართლოში, აღნიშნავს, რომ სასამართლომ საქმე ყველა მუხლთან მიმართებით დააკომუნიცირა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა 2022 წლის 13 ოქტომბრამდე ვალდებულია გასცეს პასუხი სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს საჩივარში წამოჭრილ ყველა საკითხის ირგვლივ. მათ შორის,  სასამართლოს აინტერესებს, ხომ არ წაახალისა ხელისუფლების წევრების  განცხადებებმა ის ძალადობა, რომელმაც იფეთქა 2021 წლის 5 ივლისს და რამდენად შეასრულა სახელმწიფომ მასზე ნაკისრი პრევენციისა და ეფექტიანი გამოძიების ვალდებულებები. ამასთანავე, სასამართლომ დააკმაყოფილა GDI-ს  შუამდგომლობა და მთავრობას დაავალა,  5 ივლისის უსაფრთხოების გეგმისა და შიდა მასალების წარმოდგენა, რომელიც ეხება შსს-ს მიერ განხორციელებული უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას სადავო მოვლენების (2021 წლის 1-ლი და 5 ივლისის) წინ.  თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისთან დაკავშირებული საქმეების განხილვა მომხდარიდან 1 წლის შემდეგ დასრულებულია, თუმცა პასუხისგებაში არაა მიცემული ძალადობის არც ერთი ორგანიზატორი, ხოლო იმ პირებს, რომლებსაც ბრალი ჰქონდათ წაყენებული – მინიმალური სანქციები შეეფარდათ.  თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ივლისს, 5 000 - 5 000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა აღკვეთი ღონისძიების სახით პრაიდის ოფისზე თავდამსხმელ სამ ადამიანს. პროკურატურა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.  სტრასბურგის სასამარლოს წარმოებაში აქვს მიღებული 5 ივლისთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქმე, რომელიც სტრასბურგში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" წაიღო. ამ საქმეში მოსარჩელე "სირცხვილიას" აქტივისტები არიან.    https://www.radiotavisupleba.ge/a/31929654.html

Source: radiotavisupleba.ge