პროტესტი გრძელდება - საირმეში გაფიცულთა მხარდასაჭერად მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
მინერალური წყლის კომპანია "საირმის" გაფიცული თანამშრომლების მხარდასაჭერად მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართა. "საირმის" თანამშრომლების მხარდამჭერები ამ წუთებში შპს "საირმე მინერალ ვოთერსის" ოფისთან ინაცვლებენ.
"გუშინ იყო დამსაქმებეული მოსული საირმეში, რომელმაც ხელფასების 10%-იანი მატება შემოგვთავაზა, შემდეგ ამბობდა, რომ განხილვადია. ეს შეთავაზება განხილვადი რომც არ იყოს, მიუღებელია ჩვენთვის და პროტესტი გრძელდება", - ამბობს რადიო თავისუფლებასთან აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის, "ლაბორ"-ის ხელმძღვანელი, გიორგი დიასამიძე.
საირმეში გაფიცულებისთვის სოლიდარობის გამოსახატად აქციაზე მივიდნენ "ვოლტის" კურიერები და სხვადასხვა პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენლები.
კომპანია "საირმის" თანამშრომლები 22- დღეა გაფიცულები არიან. ისინი ანაზღაურების გაზრდასა და სანიტარული და უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებას ითხოვენ, რაზეც შეთანხმება კომპანიის მენეჯმენტსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის ამ დრომდე ვერ ხდება.
გაფიცულ თანამშრომლებს უფლებების დაცვაში აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი "ლაბორ" ეხმარება. კომპანია "საირმე" მზად არის თანამშრომლებთან მოსალაპარაკებლად, თუ ამ პროცესში ეს ორგანიზაცია აღარ იქნება ჩართული.
"რამდენჯერმე შეიცვალა მათი მოთხოვნები და რაოდენობრივად გაიზარდა. ჩვენ განვიხილავდით მაქსიმალურად ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რა თქმა უნდა, საწარმოს ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში.
საბოლოო ჯამში, მათი მოთხოვნები იმდენად გაიზარდა, რომ მედიაციის პროცესი ჩიხში შევიდა. როგორც ირკვევა, პროფესიული კავშირის წარმომადგენლის, აქციის ორგანიზატორის, გიორგი დიასამიძის ინტერესი რეალური შედეგის მიღწევა და თანამშრომლების ინტერესების დაცვა არ არის", - განაცხადა რამდენიმე დღის წინ კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ლევან კასრაძემ.
კომპანია "საირმეს" თანამშრომლებმა გაფიცვა 13 თებერვალს დაიწყეს.
2022 წლის მაისში უშედეგოდ დასრულებული მედიაციის პროცესის შემდეგ მინერალური წყლების კომპანია "ბორჯომის" ("IDS ბორჯომი საქართველოს") თანამშრომლები გაიფიცნენ. მათი მოთხოვნები იყო:
"გათავისუფლებული 50 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა";
"ძველ კონტრაქტებზე დაბრუნება და ხელფასების 25%-ით მომატება";
"ვადიანი ხელშეკრულებებიდან უვადო ხელშეკრულებებზე გადასვლა";
"კოლექტიური შეთანხმების გაფორმება".
ორგანიზაცია "ლაბორის" ხელმძღვანელმა რადიო თავისუფლებას მაშინ უთხრა, რომ "ბორჯომის" თანამშრომლების გაფიცვამ შედეგი გამოიღო და მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32303842.html
Source: radiotavisupleba.ge