პუტინმა ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ "ერთ პოლარული მსოფლიო წესრიგის ეპოქა დასრულდა"

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას თქვა, რომ დასავლეთმა მიზანმიმართულად შეარყია საერთაშორისო თანამშრომლობისა და მსოფლიო ვალუტებისადმი ნდობის ძირითადი პრინციპები. მან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს „გიჟური და დაუფიქრებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთი ნელ-ნელა არეგულირებს ეკონომიკურ მდგომარეობას, ხოლო აშშ და ევროპა, პირიქით, დიდ ზარალს განიცდიან სანქციების გამო.  პუტინის თქმით, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ეკონომიკური „დაცემა“ არ არის დაკავშირებული უკრაინის ომთან, ის გაცილებით ადრე დაიწყო „დიდი შვიდეულის" ქვეყნების ხანგძლივი უპასუხისმგებლო მაკროეკონომიკური პოლიტიკის გამო, მათ შორის უკონტროლო ემისიისა და არაუზრუნველყოფილი ვალების დაგროვებით“. მან ე.წ. სპეცოპერაციას უკრაინაში დასავლეთისთვის სამაშველო რგოლი უწოდა, რაც საშუალებას აძლევს მას რუსეთს დააბრალოს ყველა პრობლემა. პუტინმა კიდევ ერთხელ გამოთქვა რწმენა, რომ „სპეციალური ოპერაცია“ გაგრძელდება და მისი ყველა მიზანი შესრულდება. "ერთ პოლარული მსოფლიო წესრიგის ეპოქა დასრულდა", - თქვა მან და განსაკუთრებით გააკრიტიკა ევროკავშირი, რომელმაც, მისი აზრით, "მთლიანად დაკარგა პოლიტიკური სუვერენიტეტი" და "სხვის დაკრულზე ცეკვავს". პუტინმა თავის მშობლიურ ქალაქში გამართული ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე ასევე თქვა, რუსეთს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს სურსათისა და სასუქების ექსპორტი, ხოლო მარცვლეულის მარაგის მოცულობა მომავალ სეზონში შესაძლოა 50 მილიონ ტონამდე გაიზარდოს. რაც შეეხება უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს, პუტინი თვლის, რომ რუსეთი ამაში არ ერევა: მისი აზრით, უკრაინელებმა თავად დანაღმეს შავი ზღვის ნავსადგურებთან მისასვლელი და ეს პრობლემა თავად უნდა მოაგვარონ ზღვაოსნობის აღსადგენად. მან გამოთქვა შეშფოთება, რომ უკრაინას შეუძლია გამოიყენოს თავისი პორტებიდან გატანილი მარცვლეულის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი დასავლეთისგან იარაღის ახალი პარტიების შესაძენად. მსგავსი განცხადება მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, გააკეთა. პუტინს არ დაუდასტურებია უკრაინის ხელისუფლების ასეთი განზრახვები, მაგრამ კვლავ ეჭვი ეპარება "კიევის ხელისუფლებაში მყოფი ხალხის ადეკვატურობაში". პლენარულ სხდომას პუტინისა და ყაზახეთის ხელმძღვანელის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის მონაწილეობით, RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი უძღვება. უკრაინაზე საუბრისას მან პუტინს უთხრა, რომ „არ რცხვენია“ იმის, რაც ხდებოდა. პუტინმა უპასუხა, რომ მხოლოდ მათ, ვინც საკუთარ ბედს რუსეთს არ უკავშირებს, რცხვენიათ და ნამდვილ პატრიოტებს სურთ მისი სიძლიერის ზრდა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებამდე "მიიყვანეს" და მათი დაწყება "იძულებითი" იყო. სიმონიანის პირდაპირ შეკითხვაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ბედის შესახებ, პუტინმა თქვა, რომ მათ ბედს მათი მოსახლეობა გადაწყვეტს. ამასთან, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არ არის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი, თუმცა ეჭვობს, რომ ეს მომგებიანია. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში ოპერაციის დროს რუს სამხედროებს არ სურთ უკრაინის ქალაქები სტალინგრადს დაამსგავსონ. მრავალი ფოტო და ვიდეო ადასტურებს, რომ ქალაქებში, როგორიცაა მარიუპოლი, პოპასნაია ან სევეროდონეცკი, ასობით და ათასობით საცხოვრებელი სახლი განადგურდა საბრძოლო მოქმედებების დროს. პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთი არ ემუქრება დასავლეთს ბირთვული იარაღით, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს „რა აქვს რუსეთს თავისი სუვერენიტეტის დასაცავად“. ტოკაევმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ყაზახეთი არ ცნობს დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას, მან ამ წარმონაქმნებს "კვაზი სახელმწიფოებრივი სუბიექტები" უწოდა.     https://www.radiotavisupleba.ge/a/31903233.html

Source: radiotavisupleba.ge