ბიძინა ივანიშვილი: მმართველ გუნდს შეუძლია ჩემი შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიპოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში საუბრობს მმართველ გუნდზე, რომელიც მისი თქმით, ღირსეულად შეძლებს მისი "შრომის, ავტორიტეტისა და უნარების" ჩანაცვლებას და ქვეყნის მართვას. ბიძინა ივანიშვილის თქმით, "მმართველი გუნდი დღეს არსებულ პოლიტიკურ აქტორებს შორის ყველა ნიშნით მართლაც საუკეთესო და უალტერნატივოა" და მისთვის "უცხოა ხელისუფლების შენარჩუნების ცდუნების გამო, ხალხის ღირსებისა და მათი არჩევანის შებღალვა."
პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განცხადება 11 იანვარს გაავრცელა. ამ წერილში ის წასვლის მიზეზად ამბობს, რომ მისი "მისია შესრულებულია" და აქვე მოქმედი მმართველი გუნდის სახელით პირობას დებს, რომ დემოკტარიისა და თავისუფლების გზას არ გადაუხვევენ.
"ჩვენ არასდროს გადავუხვევთ დემოკრატიისა და თავისუფლების გზას, რაც ბრძენმა ქართულმა საზოგადოებამ სათანადოდ დააფასა და კიდევ ერთხელ დაგვდო ხელისუფლებაში ყოფნის პატივი." - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის წერილში. მისი თქმით, ის პოლიტიკიდან ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი მიდის.
"ხალხმა შეძლო იმ ძალისხმევის დანახვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გავწიე. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ასევე შეაფასებს ჩემს დღევანდელ ნაბიჯსაც, რომელიც იმავე ინტერესებითაა ნაკარნახევი, რისთვისაც მე პოლიტიკაში მოვედი.
როდესაც ჩნდება კითხვა, თუ რატომ აირჩია ხალხმა „ქართული ოცნება“ 2020 წელსაც, პასუხი მარტივია. შევხედოთ, რა იყო ქვეყნისთვის წინამორბედი ხელისუფლების ცხრაწლიანი მმართველობის შედეგი და რას მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წლის განმავლობაში. სწორედ ახლა გვაქვს საშუალება ამოვიდეთ ყოველდღიური, ფრაგმენტირებული საინფორმაციო ამბებიდან და განვლილი ხანგრძლივი პერიოდის მთლიან სურათს დავაკვირდეთ." - წერს ბიძინა ივანიშვილი და იქვე აღნიშნავს, რომ "ქართული წესით, წამსვლელი კაცი მხოლოდ მადლობას იხდის და დამრჩენს სიკეთეს უსურვებს", თუმცა ამის მიუხედავად, წერილის ვრცელ ნაწილს უთმობს "ჩვენი საერთო წარსულის ობიექტურ შეფასებას".
საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის აპრილში შექმნა. იმავე წლის ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლებაში მოვიდა.
2012-2013 წლებში ბიძინა ივანიშვილი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2013 ნოემბერში განაცხადა, პოლიტიკდან სამოქალაქო სექტორში მიდის. ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ მუდმივი განცხადებების ფონზე, პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა 2018 წელს და ისევ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გახდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31041274.html
#ახალი_ამბები
#twitter