ჩეჩენი ბლოგერი აბდურახმანოვი ცოცხალია და დაცვის ქვეშ იმყოფება- იჩქერიის მთავრობა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი ცოცხალია და შვედეთის პოლიციის მფარველობის ქვეშ იმყოფება, -ამის შესახებ „კავკაზ.რეალიის“ რედაქციას უცხოეთში ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს. "იმ ინფორმაციის თანახმად, რომელსა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობა ფლობს, ტუმსო აბდურახმანოვი ცოცხალია და შვედეთის პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფება", - განაცხადა პრესსამსახურის წარმომადგენელმა აბდულ ორთახანოვმა. იგი "ინფორმაციის საკუთარ წყაროებს" დაეყრდნო და ვერ დააკონკრეტა, თუ რა მიზეზების გამო იმყოფება აბდურახმანოვი დაცვის ქვეშ. აბდულ ორთახანოვმა უარყო ასევე ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელე და რადიო კომპანია „გროზნოს“ დირექტორის სიტყვები, თითქოს ბლოგერის სიკვდილში დევნილობაში მყოფი პრემიერ-მინისტრ ახმედ ზაკაევის შესაძლო მონაწილეობის შესახებ. შვედეთის პოლიცია ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს. მანამდე შვედეთის პოლიციამ არ დაადასტურა და უკომენტაროდ დატოვა აბდურახმანოვის შესაძლო მკვლელობის შესახებ გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაციები. დაუდასტურებელი ინფორმაცია შვედეთში ტუმსო აბდურახმანოვის მკვლელობის შესახებ 1 დეკემბერს გამოჩნდა არაღიარებული იჩქერიის მხარდამჭერთა ერთ-ერთ ტელეგრამის არხზე. პუბლიკაციას თან ახლდა მიმოწერა ამ ცნობის გამავრცელებელ ინსტაგრამის მომხმარებელ ქალთან, რომელიც, როგორც მისი სიტყვებიდან გამომდინარეობს, აბდურახმანოვის მეზობელია. გასული წლის თებერვალში ოპოზიციონერ ჩეჩენ ბლოგერზე, ტუმსო აბდურახმანოვზე, შვედეთში თავდასხმა განხორციელდა. დანაშაული გროზნოდან ბრძანებით ჩაიდინა რუსეთის მოქალაქე რუსლან მამაევმა, რომელსაც შვედეთში ასამართლებენ. ჩეჩენი ბლოგერის ადვოკატმა, იენს შელუნდმა განაცხადა სასამართლოზე, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლები ტუმსო აბდურახმანოვის მოკვლისთვის მამაევს ჯილდოს დაჰპირდნენ. საიტ „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, რუსეთში აბდურახმანოვის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ექსტრემისტული საქმიანობისკენ მოწოდების გამო. ხოლო თავად ბლოგერი იძულებული გახდა დაეტოვებინა ჩეჩნეთის რეგიონი და რუსეთი და საცხოვრებლად შვედეთში გადასულიყო. https://www.radiotavisupleba.ge/a/32169385.html

Source: radiotavisupleba.ge