Al Jazeera: კორონავირუსის გავლენა არაბული სამყაროს შიდა კონფლიქტებზე - ნაწილი II
Headline
იემენი - იმის მიუხედავად, რომ გასულ კვირას საუდის არაბეთმა ამ სახელმწიფოში ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ განაცხადა, არსებული რეალობა სრულიად განსხვავებულია და სიტუაციის დეესკალაციის ნიშნები ჯერჯერობით არ არსებობს.
უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე, დაპირისპირება გამწვავდა მეამბოხე ჰუთიების (Houthi) მიერ დაკავებული დედაქალაქ სანაას აღმოსავლეთით, სადაც ოპოზიციურმა ძალებმა მარიბამდე მიაღწიეს - საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი მთავრობის უკანასკნელ სიმაგრემდე და ნავთობისა და გაზის მთავარ კერამდე.
ფრონტის ხაზზე განხორციელებული ბოლოდროინდელი მოქმედებები ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოდგა, უკანასკნელ წლებში, ამ ქვეყანაში მომხდარ დაპირისპირებებს შორის.
შესაბამისად, საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის „სამხედრო ჩავარდნების“ საპასუხოდ, ირანის მიერ მხარდაჭერილმა მეამბოხე ჰუთიებმა საკმაოდ ვრცელი ტერიტორიები დაიკავეს.
საუდის არაბეთის მიერ, ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის გამოცხადებამ, ადგილობრივი მთავრობა ფაქტობრივად მარტო დატოვა ოპოზიციური ძალების წინაშე, რადგან მეამბოხე ჰუთიებმა მხოლოდ არაბული კოალიციის წინააღმდეგ შეწყვიტეს შეტევა.
არსებულმა მოცემულობამ, საერთაშორისო საზოგადოებას კონფლიქტის ფრაგმენტაცია აჩვენა. საუდის არაბეთის კოალიცია (საკუთარი ტერიტორიული უსაფრთხოების დასაცავად) ინდივიდუალურად იბრძვის ჰუთიების წინააღმდეგ და ამის პარალელურად ოპოზიციური ძალები, მეორე ფრონტზე, საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობასთან არიან კონფლიქტში.
საუდის არაბეთის ტერიტორიაზე არსებულმა კორონავირუსულმა ეპიდემიამ და საერთაშორისო დონეზე ნავთობის ფასების მკვეთრმა ვარდნამ, ძალიან შეამცირა მათი მხარდაჭერა იემენის მთავრობის მიმართ. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ოფიციალურ რიადს ოპოზიციურ ძალებთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა გაუჩნდა.
ირანის მიერ მხარდაჭერილ მეამბოხე ჰუთიებს, ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაზე ლეგიტიმაციის გავრცელების პრეტენზია გააჩნიათ და ამ მიზნით კორონავირუსულ პანდემიასთან გამკლავებას სახელისუფლებლო მიდგომებით ცდილობენ.
ადგილობრივი საზოგადოება კი შეშფოთებას გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ ამ ოპოზიციურმა ძალამ COVID-19-ის პრევენციის მიზნით მიღებული ზომები შესაძლოა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.
ჯერჯერობით უცნობია რა გავლენა ექნება კორონავირუსს იემენზე. 5 წლიანი სამოქალაქო ომის ფონზე, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კრიტიკულ მდგომარეობაშია და ვირუსის მასშტაბურ გავრცელებას ნამდვილად ვერ გაუძლებს.
გარდა ამისა, ისიც ხაზგასასმელია, რომ იემენი საკვები პროდუქციის 80%-ს იმპორტის სახით იღებს და მსოფლიოში გაძვირებული ფასებისა და მიწოდების შეფერხებების გამო შესაძლოა დამატებითი პრობლემები წარმოეშვას. არაბული სამყაროს უღარიბესი ქვეყნის მოსახლეობის მსყიდვეულუნარიანობა კიდევ უფრო დაეცემა.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
წყარო: How could coronavirus affect wars in the Arab world? (20.04.2020), www.aljazeera.com
#coronavirus
#MENA
#Yemen
#conflict
#headline
#politics
#arabworld