გიორგი გახარია: მედიკამენტების ფასების რეგულირებისთვის ყველა კანონიერ ინსტრუმენტს გამოვიყენებთ

Tbilisi Daily

„წამლის ფასების ნაწილში მთავარი ამოცანა რეგულაციის საკითხია, რომელიც რაც შეიძლება სწრაფადაა მოსაგვარებელი და გაკეთებადია ეს ყველაფერი“, - ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, წამლის სააგენტოში, რომელიც მედიკამენტების ბრუნვას აკონტროლებს გარკვეული წესის ცვლილებით, სწრაფი შედეგის მიღება შესაძლებელია. „საკონტროლებლად რთულია ეს პრობლემა, მაგრამ დღეს ჩვენ გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციებით ასევე, წამლის სააგენტოში, რომელიც წამლის ბრუნვას აკონტროლებს, გარკვეული წესის ცვლილებით, სწრაფი შედეგის მიღება შეგვიძლია. ეს არ იქნება ყოვლისმომცველი, მაგრამ არის გარკვეული ნაბიჯები, რომლის შედეგადაც სწრაფად შეიძლება გარკვეული შეღავათიანი ეფექტის შექმნა ჩვენი მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, დარჩება ისეთი სფეროები, რომელშიც სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე არაფერი არ გამოვა და ეს ცოტა სხვა მიმართულებაა. მე მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით მთავრობა არ მოერიდება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში ყველა იმ ინსტრუმენტის გამოყენებას, რომელიც ჩვენს ხელთ არსებობს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ დღეს, პანდემიის პირობებში სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუარესდა, სადღაც უფრო მეტად, სადღაც უფრო ნაკლებად და ეს პრობლემა უფრო აქტუალური ხდება. ამიტომ გპირდებით, რომ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც ჩვენს ხელთ არსებობს მეც და ქალბატონი მინისტრიც გამოვიყენებთ სრულად. ფაქტობრივად, ჩვენ გუშინაც და დღესაც ეს დაპირება გავეცით“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.