ირანი სახმელეთო ჯარების წვრთნას ატარებს ერაყის საზღვართან

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა სახმელეთო ჯარების წვრთნა დაიწყო ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში, ერაყის საზღვრის მახლობლად. ირანის ელიტური სამხედრო ნაწილების სახმელეთო ჯარების სარდალმა, ბრიგადის გენერალმა მოჰამად პაკპურმა 11 თებერვალს განაცხადა, რომ წვრთნაში, რომელსაც „დიდი წინასწარმეტყველი 16“ ეწოდება, გამოიყენება დრონები, ვერტმფრენები და არტილერია, იტყობინება Press TV. ჯერჯერობით არ არის ნათელი, რამდენ ხანს გასტანს სამხედრო წვრთნა. ირანმა გაახშირა სამხედრო მანევრები უკანასკნელ კვირებში, როცა დაძაბულობა გამწვავდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობის უკანასკნელ დღეებში. თეირანი ასევე ცდილობს ზეწოლა განახორციელოს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ახალ ადმინისტრაციაზე, რომ კვლავ დაუბრუნდეს თეირანსა და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე 2015 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას. https://www.radiotavisupleba.ge/a/31098022.html #ახალი_ამბები #twitter