აშშ-მა და საქართველომ 5G-ის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
14 იანვარს საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებმა გააფორმეს ურთიერთგაგების მემორანდუმი მეხუთე თაობის სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიის (5G) სფეროში თანამშრომლობის თაობაზე.
მემორანდუმში ხაზგასმულია 5G ტექნოლოგიის მნიშვნელობა ეკონომიკისთვისა და საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის.
„მონაცემთა გაზრდილი მოცულობა 5G-ის მეშვეობით კიდევ უფრო მეტად დააკავშირებს მსოფლიოს ეკონომიკებს, მათ შორის აშშ-ისა და საქართველოსას, და ხელს შეუწყობს საზღვრების მიღმა სერვისებსა და ვაჭრობას“, აღნიშნულია მემორანდუმში.
მასში მთავარი ყურადღება ეთმობა ახალი ტექნოლოგიის უსაფრთხოებას.
„სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შემდგომი თაობის ამ კომუნიკაციების ქსელების დაცვას დაბრკოლების ან მანიპულაციისგან და აშშ-ისა და საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეთა პირადი ცხოვრებისა და ინდივიდუალური თავისუფლებების უზრუნველყოფას,“ ვკითხულობთ დოკუმენტში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამას ემსახურება 5G-ის საკითხებთან დაკავშირებით პრაღის კონფერენციაზე შემუშავებული ე.წ. „პრაღის წინადადებები“, რაც ამ ტექნოლოგიისთვის უსაფრთხო და სანდო გარემოს შექმნას ითვალისწინებს.
„პრაღის წინადადებები“ გულისხმობს 5G-ის ისეთი ქსელების შექმნას, რომლებიც დაფუძნებული იქნება თავისუფალ და სამართლიან კონკურენციაზე, გამჭვირვალობასა და კანონის უზენაესობაზე.
მემორანდუმის თანახმად, 5G-ისთვის დინამიური და მყარი ეკოსისტემის შესაქმნელად აუცილებელია მკაცრი შეფასების გამოყენება მის მიმწოდებელთა შერჩევისას.
ამ პროცესისას, მემორანდუმის თანახმად, გასათვალისწინებელია შემდეგი ელემენტები:
კონტროლდებიან თუ არა ტექნიკისა და სოფტვერის მიმწოდებლები უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ;
მიმწოდებლები ღიად და გამჭვირვალედ ფინანსდებიან თუ არა;
გამჭვირვალეა თუ არა მათი მფლობელობის საკითხი;
სცემენ თუ არა ისინი პატივს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს.
უსაფრთხო 5G-ის ქსელების შექმნაში აშშ-სთან, საქართველოს გარდა, რამდენიმე ათეული სახელმწიფო თანამშრომლობს. ისინი გაერთიანებული არიან „სუფთა ქსელის“ ინიციატივაში, რომლის მთავარი მიზანია მეხუთე თაობის ქსელების მშენებლობაში მონაწილეობა მიიღონ მხოლოდ სანდო კომპანიებმა და მასში არ იქნენ დაშვებული ჩინური კომპანიები, როგორიცაა Huawei.
აშშ-ის აზრით, ჩინური კომპანიები შესაძლოა ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლქვეშ მოექცნენ, რაც მუქარას შეუქმნის აშშ-ისა და სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას. Huawei უარყოფს ამ ბრალდებებს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31046846.html
#ახალი_ამბები
#twitter