18:00 საათზე გაიმართება კონსულტაციები NGO-ების, მედიის და ოპოზიციის თანამონაწილეობით - სამადაშვილი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

პარლამენტში ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის ერთობლივ ბრიფინგზე „ლელოს" წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ დღეს, 18:00 საათზე კონსულტაციები გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ოპოზიციის მონაწილეობით. შეხვედრის მიზანია სამოქმედო გეგმის შემუშავება.  „ხვალაც იქნება საჭირო აქტიურობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიქნებით აქ, 10:00 საათზე, მაგრამ ვისაც შეუძლია, მნიშვნელოვანია, ძალიან, რომ ხვალ პარლამენტთან ქართველი ხალხის ხმა გაიგოს იმ ადამიანებმა, რომლებსაც სურთ ჩვენს ქვეყანაში რუსული კანონის მიღება და ჩვენი ევროპული მომავლის წართმევა ქართველი ხალხისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ რომ მივიღოთ მონაწილეობა ყველა ინიციატივაში, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაწყებულ პროცესში, იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს წინააღმდეგობის მოძრაობა. ამიტომ დღეს, 6 საათზე გაიმართება მნიშვნელოვანი კონსულტაციები არასამთავრობოების, მედიის და პოლიტიკური ოპოზიციის თანამონაწილეობით. ჩვენ ერთობლივად შევაჯერებთ შემდგომ სამოქმედო გეგმას", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.  პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ხატია დეკანოიძე დღეს, 6 მარტს პარლამენტის შენობასთან გამოხატულმა პროტესტმა შედეგი გამოიღო.  „ბიუროს გადადება არის შედეგი იმ ადამიანების, ვინც დღეს აპროტესტებდა გარეთ, პარლამენტის შენობასთან. დაუღალავი პროტესტის შედეგია, როდესაც ყველას ესმის და მთელი ცივილიზებული სამყარო არის ქართველ ხალხთან, ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან. ამ ადამიანების აქტიურობის და ყველა ოპოზიციონერი დეპუტატის აქტიურობის შედეგად, ბიუროს ჩატარება დღეს ვერ შეძლეს, იმიტომ, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა ჩაიშალა, გაიქცნენ ფაქტობრივად, როდესაც ჩვენ გვინდოდა ყველას ერთად დაგვეყენებინა დღის წესრიგში მნიშვნელოვანი საკითხი. დღევანდელი შედეგი არის მნიშვნელობანი, იმიტომ, რომ ვერ შეძლეს საბოლოოდ დამტკიცება და გატანა ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე, - თქვა დეკანოიძემ და დაამატა, - მაგრამ ბიუროს ჩატარება ხვალ, 10:00 საათზე ნიშნავს იმას, რომ შეეცდებიან ეს დღის წესრიგი დაამტკიცონ უმრავლესობით. ყველა ოპოზიციონერი კოლეგა უნდა იყოს პარლამენტში. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ რომელიმე კომიტეტი გამოვტოვოთ. ასევე დღეს ველოდებით ადამიანის უფლებების კომიტეტის სხდომის ჩატარებას, რომელიც გაიქცა".    საქართველოს პარლამენტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. დარბაზიდან კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააძევა ათამდე დეპუტატი, სხდომის დაწყებიდან პირველივე საათში ორი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა და ოპონტენტები არაკონსტუქციულ დიალოგში დაადაანაშაულა. მმართველი პარტიის დეპუტატმა თავის მხრივ "უსამშობლო კაცი" უწოდა გიორგი ვაშაძეს და რეაგირების გარეშე დატოვა თანაპარტიელების ხმამაღალი რეპლიკები ოპოზიციონერი დეპუტატების მისამართით. https://www.radiotavisupleba.ge/a/32304117.html

Source: radiotavisupleba.ge