ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბორჯომის ორი ჩამომსხმელი ქარხნის 400-მდე თანამშრომელმა დღეს, 31 მაისს, დილის 6 საათიდან უვადო გაფიცვა გამოაცხადა. გაფიცული თანამშრომლების ნაწილი ახლაც ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება. მათ უფლებებს საქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფკავშირები "ლაბორი" იცავს. ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი დიასამიძის განცხადებით, გაფიცვა უვადო იქნება და მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება. „დილის 06:00 საათიდან დაიწყო სრულმასშტაბიანი გაფიცვა ბორჯომის პირველ და მეორე ქარხანაში. ორივე ქარხანა პარალიზებულია და არ ფუნქციონირებს იმიტომ, რომ დასაქმებულები არიან გაფიცულები“,- განაცხადა გიორგი დიასამიძემ. ის ჩამოთვლის, კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" კუთვნილ ორი ჩამომსხმელ ქარხანაში დასაქმებულთა მოთხოვნებს: უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა. ძველ კონტრაქტებზე დაბრუნება და ხელფასების 25%-ით მომატება, ასევე იძულებაში, ზეწოლასა და შანტაჟში შემჩნეული ცალკეული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება. ვადიანი ხელშეკრულებების უვადო ხელშეკრულებებზე გადასვლა კოლექტიური შეთანხმების გაფორმება. გიორგი დიასამიძის განცხადებით, 26 მაისს უშედეგოდ დასრულდა მედიაციის 21-დღიანი პროცესი, ვინაიდან 26 მაისი დასვენების დღე იყო, მომდევნო დღეებში კი შაბათ-კვირა უწევდა გაფიცვა დღეიდან დაიწყეს. მისივე ინფორმაციით, ხვალ 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ბორჯომის ქარხანაში დასაქმებულთა შვილებისა და ზოგადად ბორჯომელებისთვის ღონისძიებას გამართავენ. ზეგიდან, 2 ივნისიდან კი აქციას მოაწყობენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობასთან. რამდენიმე დღის წინ აქციის ორგანიზატორებმა მუნიციპალიტეტს მიმართეს უხელფასოდ დარჩენილი ქარხნის თანამშრომლების კომუნალური გადასახადების გადავადებასთან ან კომპენსირებასთან დაკავშირებით რეაგირება მოეხდინათ. „ვერ მივიღეთ ჩვენ ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით პასუხი და ამიტომ ზეგ მივაკითხავთ და ვკითხავთ პასუხს“,- უთხრა ბორჯომის ქარხნის მიმდებარედ მედიის წარმომადგენლებს გიორგი დიასამიძემ. გაფიცვის პარალელურად, კომპანია „IDS ბორჯომი საქართველომ“ ვაკანსიები გამოაცხადა, პროფკავშირების წარმომადგენლის განცხადებით, ეს ვაკანსიები ძველი გამოცხადებულია და იღებს პასუხისმგებლობას, იმაზე რომ გაფიცული თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში მათი უფლებებისთვისაც იბრძოლოს, ამასთან აცხადებს, რომ 15-მა ადამიანმა, ვინც ვაკანსიაზე განაცხადი შეიტანა ახლა გაფიცვას უერთდება. ამ ეტაპზე კომპანია " IDS ბორჯომი საქართველო" დასაქმებულთა საგაფიცვო პროცესსა და მოთხოვნებს არ გამოხმაურებია. მინერალური წყლების კომპანია ბორჯომის მოსახლეობის დასაქმების მთავარი წყაროა. გარდა ამისა, ბორჯომის ქარხნიდან ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად 12 მილიონ ლარამდე თანხა შედიოდა. ადგილობრივ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქარხნების გაჩერება, არამარტო იქ დასაქმებულ თითოეულ ადამიანს, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტს მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. „ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს Alfa Group-ი, რომლის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი, ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია. „ბორჯომის“ ჩამომსხმელმა ორივე ქარხანამ 29 აპრილიდან დროებით შეაჩერა მუშაობა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო. ქარხნიდან დაითხოვეს 49 თანამშრომელი. 1000-მდე დასაქმებული კი კომპანიის ხელმძღვანელობასთან მედიაციის პროცესში ჩაერთო. კომპანიამ შექმნილი კრიზისის არგუმენტით მათ ხელშეკრულებების შეცვლილი პირობები შესთავაზა, რაზე ხელმოწერასაც თანამშრომლების დიდი ნაწილი მხოლოდ იმ პირობით აპირებდა, თუ გარანტიებს მიიღებდნენ, რომ კომპანიის საქმიანობის აღდგენის შემდეგ ძველ ხელშეკრულებებს დაუბრუნდებოდნენ. 19 მაისს „IDS​ ბორჯომის“ მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას შესთავაზა წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემა. ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ წინადადებას სწავლობენ, მოგვიანებით წინადადების პირობებს შესასწავლად მიაწვდიან იუსტიციის სამინისტროსაც, მხოლოდ ამის შემდეგ გასაჯაროვდება ინფორმაცია. 21 მაისს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან აღნიშნა, კომპანია "ბორჯომის" წილს საქართველოს საჩუქრად გადასცემენ და ოპერირებაში პრობლემა აღარ შეექმნებათ. „პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდა მმართველ კომპანიასთან, მფლობელებთანაც, საკითხი ყველასთან გავიარეთ. არის შემოთავაზება, რომ სახელმწიფოს ჩუქნიან წილს, რომელიც უხეშად, რომ ვთქვათ, წილი 100 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება და მთავრობის მომდევნო სხდომაზე ამ ყველაფერს დავამტკიცებთ. ასე, რომ „ბორჯომს“ ოპერირებაში პრობლემა არ ექნება და ჩვენი საამაყო ბრენდი გააგრძელებს მუშაობას. ყველა დასაქმებული თანამშრომელი მშვიდად უნდა იყოს. მინდა თანამშრომლებს მივმართო, რომ პრობლემა ამოწურული იქნება“,- განაცხადა პრემიერმა. „ბორჯომს“ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რამდენიმე მფლობელი ჰყავდა. 1995-2002 წლებში ეს იყო მამუკა ხაზარაძის "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია". "ბორჯომის" შემდგომი მფლობელი, 2002 -2012 წლებში, იყო ბიზნესმენების, ბადრი პატარკაციშვილისა და ბორის ბერეზოვსკის კომპანია „სელფორდი". ამჟამად კომპანიის საკონტროლო პაკეტს, 60% -იან წილს ფლობს მიხაილ ფრიდმანის "ალფა ჯგუფი", 40%-ს კი - პატარკაციშვილების ოჯახი. "IDS ბორჯომი საქართველოს" დირექტორი ყოფილი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანია, ის კომპანიის დირექტორის პოსტზე 2021 წლის ივნისიდან მუშაობს. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 1500 ადამიანი.         https://www.radiotavisupleba.ge/a/31876670.html

Source: radiotavisupleba.ge