ევროკავშირი ირანს მოუწოდებს შეწყვიტოს დემონსტრანტების სიკვდილით დასჯა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეპ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი აღშფოთებულია ირანში ორი დემონსტრანტის, სამხედრო მოსამსახურის მკვლელობაში ბრალდებული მოჰამედ მეჰდი ქარამისა და სეიედ მოჰამად ჰოსეინის სიკვდილის დასჯით და მოუწოდებს ირანის ხელისუფლებას, შეწყვიტოს მომიტინგეების სიკვდილით დასჯა.
ბორელი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეების სიკვდილით დასჯა ირანის ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეთა დემონსტრაციების სასტიკი ჩახშობის კიდევ ერთი ნიშანია.
"სიკვდილით დასჯა არის სასტიკი და არაადამიანური სასჯელი, ის არ მოქმედებს, როგორც დანაშაულის შემაკავებელი ფაქტორი. ეს არის საბოლოო სასჯელი, რომელიც შეუქცევადს ხდის მართლმსაჯულების შესაძლო ხარვეზებს", - თქვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.
ირანში საპროტესტო აქციები დაიწყო სექტემბერში, 22 წლის აქტივისტის, მაჰსა ამინის მკვლელობის შემდეგ, რომელიც “მორალის პოლიციამ” ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის ბრალდებით დააკავა.
ირანში გამართულ პირველ საპროტესტო აქციებზე ქალები ჰიჯაბის ტარებასთან დაკავშირებულ კანონის შეცვლას მოითხოვდნენ, ჰიჯაბებს იხსნიდნენ და პროტესტის ნიშნად თმას იჭრიდნენ. მოგვიანებით საპროტესტო აქციებმა მთელი ქვეყანა მოიცვა და ხალხი ირანის ხელისუფლების შეცვლას მოითხოვდა.
ბოლო მონაცემებით, ირანში სულ მცირე 516 მომიტინგეა დაღუპული, მათ შორის, ბავშებიც. ათასობით დემონსტრანტი კი დაკავებულია.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32214113.html
Source: radiotavisupleba.ge