საკარანტინო წესების დარღვევაზე მოქალაქეებს, შესაძლოა, სანქცია დაეკისროთ
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=139117
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს მოუწოდებს, შეიმუშავონ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, თვითიზოლაციის დარღვევაზე კანონი გამკაცრდება.
მისი განცხადებით, კარანტინის წესის დარღვევის თითოეული შემთხვევა, რაზეც პოლიციამ რეაგირება მოახდინა წარმოადგენს რისკს, ამიტომ საჭიროა მკაცრი და გონივრული მიდგომა, რათა კორონავირუსის გავრცელების პრევენცია მოხდეს.
„მინდა, უმრავლესობის ლიდერს ვთხოვო, რომ დაამუშავოს საკანონმდებლო ინიციატივის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ დაჩქარებული წესით განვიხილავთ და რომელიც შეეხება კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას, იქნება ეს ადმინისტრაციული თუ სხვა ზომები. კარანტინის წესის დარღვევის თითოეული შემთხვევა, რაზეც პოლიციამ რეაგირება მოახდინა და მათი წარმატებით მართვა შეძლო, წარმოადგენს რისკს შემთხვევათა გადაცემისთვის, რისი უფლებაც ჩვენ ახლა არ გავქვს. ამიტომ პარლამენტის მხრიდან არსებობს მზაობა და უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, ვთხოვ, თქვენთან ერთად დაამუშავოს ცვლილებები, რომელიც ამისთვის იქნება საჭირო. ჩვენ გვჭირდება მკაცრი, გონივრული და პროფესიონალური პასუხი ყველა რისკზე, რამაც შეიძლება ინფექციის გავრცელება გამოიწვიოს,“ - განაცხადა თალაკვაძემ.
16 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 13 ადამიანი გადაიყვანა.