საბჭოთა ეპოქის გამორჩეული არქიტექტურული ნიმუშები თბილისში
Tbilisi Daily
თბილისი, მრავალ სხვა მახასიათებელთან ერთად, გამორჩეულია საბჭოთა კავშირის ეპოქაში აშენებული არქიტექტურული ნაგებობებითაც. დღესდღეობით, მათი უმეტესობა მიტოვებული ან უფუნქციოა. ნაწილი კი რესტავრაციის შემდგომ დღესაც აგრძელებს ფუნქციონირებას. სტატიაში გთავაზობთ თბილისში არსებულ იმ არქიტექტურულ ნიმუშებს, რომლებიც სოციალური მოდერნიზმის მიმდინარეობის მახასიათებლებს საუკეთესოდ წარმოაჩენენ.
ყოფილი „ზარია ვოსტოკას“ სარედაქციო შენობა
„ზარია ვოსტოკას“ სარედაქციო ნაგებობა რუსთაველის გამზირის 42 ნომერში მდებარეობს. იგი 1926-1930 წლებში აშენდა თბილისში მოღვაწე სომეხი ხუროთმოძღვრის დავით ჩისლევის დაპროექტებით. იგი სოციალური მოდერნიზმისა და საბჭოთა კავშირის ურბანული ძეგლის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. შენობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ საგამამომცემლო სახლად გადაკეთდა და მერანი დაერქვა. რამდენიმე წლის წინ კი აქ იმავე სახელწოდების სავაჭრო ცენტრი გახსნეს.
ყოფილი სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკა 1985 წელს აიგო და წლების შემდგომაც ინარჩუნებს თავის გამორჩეულობას. შენობა თავისი ფორმით გარმონს ან კლავიშებს მოგვაგონებს, რომლებიც ერთმანეთისგან თანაბრად დაშორებული მანძილით ხასიათდებიან. ამგვარი სიმეტრიის არსებობა შენობას ესთეტიკური თვალსაზრისით მეტად მიმზიდველს ხდის.
ექსპო ჯორჯია
ექსპო ჯორჯია 1961-დან 1971 წლამდე შუალედში შენდებოდა და ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი შენობა იყო, რომელიც სავაჭრო გამოფენებსა და სხვადასხვა ტიპის კონფერენციებსა თუ შეხვედრებს მასპინძლობდა. არქიტექტურული კომპლექსი დღემდე 11 პავილიონისაგან შედგება, ასევე, მოიცავს სათბურს, აუზებსა და პარკს. იგი გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირის პერიოდის ინდუსტრიული და აგრარული ტიპის მიღწევათა წარმოსაჩენად, რისი დემონსტრირებაც აქ მოწყობილი გამოფენებით ეწყობოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ შენობა კერძო საკუთრებაში გადავიდა, თუმცაღა, იგი კვლავ განაგრძობს ფუნქციონირებას.
ყოფილი გზების სამინისტროს შენობა
ყოფილი გზების სამინისტროს მშენებლობა 1974 წელს დასრულდა. მისი არქიტექტორები გიორგი ჩახავა და ზურაბ ჯალაღონია არიან. მიუხედავად თანამედროვე დიზაინისა, იგი კვლავ რჩება საბჭოთა კავშირის პერიოდის არქიტექტურის ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშად. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იგი უფუნქციოდ იყო მიტოვებული. 18-სართულიან შენობაში, დღესდღეობით, საქართველოს ბანკის სათაო ოფისია განთავსებული.
ფოსტისა და ტელეგრაფის ყოფილი შენობა
თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე - რუსთაველის გამზირზე განთავსებული ფოსტისა და ტელეგრაფის ყოფილი შენობა 1980 წელსაა აგებული. იგი, დაახლოებით, 10 წლის განმავლობაში იგებოდა. 2016 წელს „სილკ როუდ ჯგუფის“ მიერ ამ შენობაში „რედისონ ბლუ ტელეგრაფის“ გახსნა დაანონსდა. დღესდღეობით, შენობის პირველ სართულზე განთავსებულია სუპერმარკეტი და სწრაფი კვების ობიექტი.
ქორწინების სახლი
შენობა 1984 წელს არქიტექტორმა ვიქტორ ჯორბენაძემ ააგო. მისი სტილი მოიცავს 1920-იანი წლების ექსპრესიონიზმისა და ქართული შუასაუკუნეების ეკლესიის სტილურ ნაზავს. შენობა, გამორჩეულია იმითაც, რომ მას 1987 წელს მარგარეტ ტეტჩერი ესტუმრა და ასევე, სწორედ ამ შენობაში იქორწინეს ცნობილი როკ-ჯგუფის დიფ ფარფლის სოლისტმა და მისმა ცოლმა 1990 წელს. 2002 წელს შენობა ბადრი პატარკაციშვილმა შეიძინა. მისი სიკვდილის შემდგომ კი იგი კერძო კომპანიამ შეისყიდა.
თბილისის არქეოლოგიური მუზეუმი
შენობა 1988 წელს ააგო ორმა ქართველმა არქიტექტორმა. იგი გამორჩეულია თავისი სრულყოფილი სიმეტრიულობით. შენობას თავზე კვადრატის ფორმის სკულპტურა ადგას. აქ სტუმრობისას თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ძველი საგამოფენო დარბაზები, სხვადასხვა სახის სამუზეუმო ექსპონატები. მასში თანამედროვე თბილისის ტერიტორიაზე დაცული არქოლოგიური მასალების უმეტესობაა დაცული, რომლებიც ქალაქის 6000-წლოვანი დასახლების ისტორიას ასახავენ.
____________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
წყარო: theculturetrip.com