საზარელი ექსპერიმენტი - მიუსაფარ ბავშვებს პედოფილებთან ასახლებდნენ

Tbilisi Daily

1970-იანი წლებიდან ფსიქოლოგიის დარგში პროფესორი ჰელმუტ კენტლერი „ექსპერიმენტს“ ატარებდა – დასავლეთ ბერლინში მიუსაფარ ბავშვებს განზრახ ასახლებდა პედოფილ მამაკაცებთან. კენტლერი ირწმუნებოდა, რომ ეს მამაკაცები განსაუკთრებით მოსიყვარულე გამზრდელი მშობლები იქნებოდნენ – წერს გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“. სტატიის თანახმად, ჰილდეშაიმის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბერლინის ხელისუფლება ამ პრაქტიკას თითქმის 30 წელი პატიობდა და პედოფილ აღმზრდელ მამებს ზრუნვის რეგულარულ უფლებასაც კი აძლევდნენ. ჰელმუტ კენტლერი ბერლინის საგანმანათლებლო კვლევების ცენტრში წამყვან პოზიციაზე იყო. იგი დარწმუნებული იყო, რომ ზრდასრულებსა და ბავშვებს შორის სექსუალური კონტაქტი არ იყო საზიანო. ბერლინის ბავშვთა კეთილდღეობის სამსახურმა და ბერლინის მმართველმა ორგანომ სენატმა ამაზე თვალები დახუჭეს და ბავშვების ამგვარი გაშვილება დაამტკიცეს კიდეც. რამდენიმე წლის წინ ორი მსხვერპლი გამოვიდა სააშკარაოზე და საკუთარი ისტორია მოყვა, ამის შემდეგ ჰილდეშაიმის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დოკუმენტები შეისწავლეს და ინტერვიუები ჩაწერეს. სტატიაში აღნიშნულია, რომ მათ დაადგინეს ქსელის არსებობა საგანმანათლებლო ინსტიტუტებს, ახალგაზრდების კეთილდღეობის სახელმწიფო სამსახურსა და ბერლინის სენატს შორის, სადაც პედოფილია იყო „მისაღები, მხარდაჭერილი და დაცული“. კენტლერი თავად რეგულარულად ეკონტაქტებოდა ბავშვებს და მათ აღმზრდელ მამებს. მას არასდროს უგია პასუხი: როდესაც მსხვერპლები ალაპარაკდნენ, დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა უკვე გასული იყო, ამის გამო მსხვერპლებმა ვერც რაიმე სახის კომპენსაცია მიიღეს. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ აღმზრდელი მამები მაღალი რანგის მეცნიერები იყვნენ. ბერლინის სენატორმა ბავშვთა და ახალგაზრდობის საკითხებში ამ აღმჩენას „შოკისმომგვრელი და საზარელი“ უწოდა. წყარო: