დაძაბული კოვიდვითარება და გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა მოსახლეობასთან

Batumi Daily

ბათუმის ბულვარში „ნაციონალურმა მოძრაობა – ძალა ერთობაშიამ“ წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და საარჩევნო პროგრამა წარადგინა. ყოველდღიურად კოვიდის ასობით ახალი შემთხვევის პარალელურად, შეხვედრა ხალხმრავალი იყო. ამომრჩეველთა ნაწილს კი, პირბადე არ ეკეთა. დარღვეული იყო სოციალური დისტანციაც. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „პასუხისმგებლობა ეკისრება აბსოლუტურად მთლიანად კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან, რომ დაელაპარაკოთ მას". ვაშაძის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსგავსი ტიპის შეხვედრებს მართავს და ამიტომ ოპოზიციამაც მიიღო გადაწყვეტილება მსგავსი ტიპის შეხვედრა გაემართა. „ჩვენ ვუყურეთ ბატონ გახარიას შეხვედრას და გადავწყვიტეთ, რახან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასეთ შეხვედრებს ატარებს, ესე იგი ყველას შეუძლია ჩაატაროს." კითხვაზე თუ რატომ არ იყო ბათუმის ბულვარში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე რეგულაციები დაცული გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ისინი არ ელოდებოდნენ მოქალაქეების ასეთ რაოდენობას. მისივე თქმით, "საშიშროება ნამდვილად არის, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიას ოპოზიცია ვერ შეწყვეტს, რადგან ქვეყანა კიდევ სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშეც დგას. რაც შეეხება საქართველოს ექს - პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მან ვიდეოჩართვით მიმართა ამომრჩეველს და უთხრა, რომ ,,ბრძოლის დამთავრება არის სულ ახლოს, გამარჯვება არის სულ ახლოს , ერთი ხელის გაწვდენაზე. არ შეიძლება საქართველოს მომავალი იყოს საჩხერე და ჭორვილა, როცა მას აქვს ბათუმი“. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #არჩევნები2020 #აჭარა #ბათუმი #კოვიდვითარებააჭარაში #ენმ