ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები ევროპის ქალაქებშიც გაიმართა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის განთავისუფლების მოთხოვნით რუსეთის მასშტაბით გამართული მშვიდობიანი მსვლელობებისა და მიტინგების დროს დააკავეს 2100-ზე მეტი ადამიანი. ინტერნეტის მომხმარებელთა თქმით, გამოქვეყნებული მონაცემები რეალურ რაოდენობაზე ნაკლებია, ვინაიდან აქციების დროს შეზღუდული იყო ინტერნეტის წვდომა და ის ხშირად ითიშებოდა. არასამთავრობო ორგანიზაცია OVD-Info group-ის თანახმად, მოსკოვში დაკავებულია 795 ადამიანი. მოსკოვის ცენტრში დაპატიმრებულთა შორის არიან ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თანამებრძოლი ლიუბოვ სობოლი, რომელიც პუშკინის მოედანზე დააკავეს, როცა ნავალნის მხარდამჭერებს მიმართავდა. მთლიანად მოსკოვში აქციების მონაწილეთა რაოდენობაზე სხვადასხვა სახის ინფორმაცია ვრცელდება და მათი რიცხვი 4000-დან 30-40 ათასამდე იყო. დარღვევათა გეოგრაფია და მასშტაბები ნაჩვენებია რუკაზე, რომელიც OVD-Info group-ისა და Meduza-ს მონაცემებს ემყარება. რუსეთში გამართულ აქციებს მხარდაჭერა გამოუხატეს უცხოეთში მანიფესტაციების მონაწილეებმაც. მაგალითად, პრაღაში რამდენიმე ასეულ მომიტინგეს შორის იყვნენ რუსეთის, ბელარუსისა და ჩეხეთის წარმომადგენლები, ასევე რუსული ემიგრაციის პირველი ტალღის შთამომავლები. აქციებზე ათობით რუსი პოლიტპატიმრის სახელებს ასახელებდნენ. მსგავსი დემონსტრაციები გაიმართა ევროპის სხვა დედაქალაქებშიც. https://www.radiotavisupleba.ge/a/31065465.html #ახალი_ამბები #twitter