ემუქრება დისკვალიფიკაცია ფეხბურთელებს და სტადიონს? - ხაშურში ჩაშლილ მატჩს სადისციპლინო კომიტეტი სწავლობს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გუშინ, ხაშურის საფეხბურთო მოედანზე მომხდარ ჩხუბს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, „ივერიისა“ და „გლდანის“ მატჩის დროს ატეხილ დაპირისპირებას სადისციპლინო კომიტეტი შეისწავლის და გადაწყვეტილებასაც მიიღებს.
„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა ხაშურში. ამ ქალაქში გულშემატკივარი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა ახალ სტადიონს და ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ინციდენტი დაფიქსირდა. მსგავსი შემთხვევები აზიანებს ჩვენთვის საამაყო სპორტის სახეობას, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ვწუხვარ, რომ ასეთი ფორმით მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხაშურის ახალი სტადიონი. არანაირი გამართლება არ აქვს და ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რაც გუშინ საფეხბურთო მინდორზე ვიხილეთ!” - დაწერა ლევან კობიაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე.
ხაშურის „ივერიისა“ და თბილისის „გლდანს“ შორის მატჩი ფიზიკური დაპირისპირების გამო ჩაიშალა. საქართველოს რეგიონლიგის შეხვედრისას, ფეხბურთელები ერთმანეთს წაეკიდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მაყურებლმა სტადიონზე შუშის ბოთლი ისროლა. საჯარიმო მოედანში ჩავარდნილი ბოთლი „გლდანის“ მეკარემ ისევ ტრიბუნისკენ ისროლა, მაგრამ კარგად ვერ დაუმიზნა და მინდორზევე, თავში მოარტყა „ივერიის“ ფეხბურთელ სანდრო ხაჩიძეს. ამის შემდეგ მაყურებლები სტადიონზე შეიჭრნენ და ხელჩართული ჩხუბი ატყდა.
დაშავებულ ფეხბურთელს „გორიმედის“ კლინიკაში სახეზე მიყენებულ ჭრილობაზე ნაკერების დაადეს. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
დიდი ალბათობით, სადისციპლინო კომიტეტი დისკვალიფიკაციას მისცემს როგორც ჩხუბში მონაწილე ფეხბურთელებს, ასევე მასპინძელ სტადიონს., რადგან ვერ დაიცვა ფეხბურთელების უსაფრთხოება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31901036.html
Source: radiotavisupleba.ge